logo
ENG



ზელენსკის თქმით, პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყირიმის ხიდი ვერ იარსებებს

21 ნოე 202611:20
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/21/5uzpl167jy9vwb8.png

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ხიდი უკრაინის თავდასხმებისთვის ლეგიტიმური სამიზნეა, რადგან უკრაინა მხოლოდ რუსეთის აგრესიას პასუხობს. მან ასევე აღნიშნა, რომ ხიდი აუცილებლად დაინგრევა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი არაერთხელ დაესხა თავს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და მოსკოვმაც უნდა იგრძნოს, რას ნიშნავს ომი.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმის ხიდი უკრაინისთვის სრულიად ლეგიტიმური სამიზნეა, რადგან რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, ააშენა ხიდი და შემდეგ ის რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა.

ზელენსკის განცხადებით, პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყირიმის ხიდი ვერ იარსებებს ვერც ომის მიმდინარეობისას და ვერც მისი დასრულების შემდეგ, რადგან უკრაინა არასოდეს შეეგუება საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციას, მიუხედავად იმისა, საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდება თუ სამხედრო საშუალებებით.

17 ნოემბრს ყირიმის ხიდზე განხორციელებული უკრაინის განმეორებითი თავდასხმის შედეგად დაზიანდა როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო მონაკვეთები.

პირველი თავდასხმა ხიდზე 16 ნოემბერს მოხდა, რის შედეგადაც ხიდის ლითონის თაღის ნაწილი დაზიანდა, რამაც მისი გადახრა გამოიწვია. ხიდთან ახლოს დამონტაჟებულმა ორმა Pantsir-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემამ ვერ შეძლო თავდასხმის მოგერიება.

რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს დაიკავა და ანექსია მოახდინა. ხიდის მშენებლობა რამდენიმე წელს გაგრძელდა და ის 2018 წელს გაიხსნა. პროექტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ინფრასტრუქტურულ სიმბოლოდ იქცა - გახსნის ცერემონიას თავად პუტინი დაესწრო.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ხიდი რუსეთის სამხედრო ლოგისტიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მარშრუტად იქცა. მისი მეშვეობით ხდებოდა რუსეთის ძალების მომარაგება უკრაინის სამხრეთ მიმართულებაზე.

უკრაინა ხიდს სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს სწორედ მისი ლოგისტიკური მნიშვნელობის გამო. 2022 და 2023 წლებში მასზე განხორციელებულმა თავდასხმებმა ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და გადაადგილება დროებით შეაფერხა.


close დახურვა