logo
ENG



კობახიძე: ბედნიერები ვართ, რომ [ეკლესიასთან] ერთიანობით შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე

23 ნოე 202615:12
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/23/l1b6psga33dw0r7.png

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  ბედნიერია, რადგან ეკლესიასთან ერთიანობით ზრუნავენ ქვეყანაზე. 

კობახიძემ მღვდელმთავრებს, წმინდა სინოდის წევრებს და ასევე თითოეულ სასულიერო პირს დედაეკლესიასა და სამშობლოს სიმტკიცეზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

"გილოცავთ წმინდა გიორგის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს - წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისთვის თავგანწირვის სიმბოლო. ღმერთმა და წმინდა გიორგიმ გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა!

წლევანდელი გიორგობა გამორჩეულია ჩვენი ქვეყნისთვის. წელს ჩვენ გიორგობას ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის თავზე აღვნიშნავთ. წლევანდელი გიორგობა განსაკუთრებულია იმითაც, რომ მას ჩვენ პირველად აღვნიშნავთ უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის ილია მეორეს გარეშე.

წლევანდელი წელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის, მრევლისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული შვლისთვის ძალიან რთული იყო, თუმცა ამ განსაცდელს ჩვენი ხალხი და ეკლესიის მრევლი სიმტკიცითა და ერთიანობით შეხვდა. გლოვასთან ერთად ეს დღეები იყო რწმენის გარშემო ერთიანობის ნამდვილი დღესასწაული.

წლევანდელი გიორგობა გამორჩეულია იმითაც, რომ უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი შიო მესამე პირველად აღავლენს წირვას ამ გიორგობაზე. ძალიან ბევრი ჩვენგანი, მრევლი შიშით უყურებდა ილია მეორეს პატრიარქობის შემდგომ ეპოქას, თუმცა დღეს ყველა ბედნიერია იმით, თუ როგორ უძღვება სიბრძნითა და სიყვარულით პატრიარქი შიო მესამე დედაეკლესიას და იმ ურთულესს მისიას, რომელიც მას პატრიარქ ილიამ მეორის ანდერძით, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით და რაც მთავარია უფლის ნებით დაეკისრა.

მე როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთმა რიგითმა შვილმა მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ ღვაწლისთვის, რომელსაც ის ეწევა. მადლობა მინდა გადავუხადო მღვდელმთავრებს, სინოდის თითოეულ წევრს, თითოეულ სასულიერო პირს. თითოეული სასულიერო პირის ღვაწლი არის განსაკუთრებული. სწორედ თქვენ უფრთხილდებით ჩვენს დედაეკლესიას - თქვენ ზრუნავთ ჩვენი დედაეკლესიის და ჩვენი სამშობლოს სიმტკიცეზე და მადლობა თითოეულ თქვენგანს.

ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. დღეს, ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე. ამისათვისაც გვინდა, რომ განსაკუთრებული მადლობა შემოგწიროთ", - თქვა კობახიძემ. 


close დახურვა