საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი განცხადებას აქვეყნებს სათაურით - თავისუფლება მათე დევიძეს.
აღნიშნულია, რომ სოლიდარობას უცხადებენ 21 წლის მუსიკოსს, მათე დევიძეს, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია საპატიმროში იმყოფება.
"2024 წლის 19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. იმ ფონზე, როცა აქციებისას დაკავებული არაერთი ადამიანი უკვე გარეთაა, სრულიად გაუგებარია, რატომ რჩება საკანში ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელსაც საპროტესტო ბანერის მოქნევის გამო ასეთი მძიმე სასჯელი დააკისრეს.
მუსიკოსის ადგილი სცენაზეა და არა საკანში! ვითხოვთ საქმის გადახედვას და მათეს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქტივისტი 19 ნოემბერს, დილით, აქციის დაშლის დროს პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გაასამართლეს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მათე დევიძის საქმეზე წერდა, რომ საქმის წარმართვისა და არსებული მასალების შესწავლის შედეგად ცალსახად დადგინდა საქმის პოლიტიკურად მოტივირებულობა.
