logo
ENG



136-ე სკოლის დირექტორი: პედაგოგები ამ თაობას სრულიად დაშორებული არიან

25 აგვ 202019:24
3 წუთის საკითხავი
 
uqi9ibnkhvjr38o.jpg

"მასწავლებელთა განვითარების ახალი სქემა მიიღეს და ნახავთ, რომ მთელი სქემა ორიენტირებულია სკოლაში მასწავლებელთა განვითარებაზე და მოსწავლე აღარსად ჩანს", - ამის შესახებ გადაცემაში "კომენტარი" 136-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ელზა ბადაშვილმა ძალადობის წინაშე მარტო დარჩენილი ბავშვების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ბადაშვილის თქმით, სკოლაში ფსიქოლოგიური სამსახურის შექმნის ნაცვლად, განათლების სამინისტრომ ფსიქოლოგთა შტატები გააუქმა.

"რა გვიშლის ხელს - ფსიქოლოგების არყოლა სკოლაში. ყველა პედაგოგი არ არის ფსიქოლოგი. ჩვენ სკოლას ფსიქოლოგი არ ჰყავს. ძალიან ბევრ საჯარო სკოლას არ ჰყავს. როდესაც რაღაც სიმპტომები შეინიშნებოდა, მიმართვას გაუკეთებდი და ბავშვი ჩვენივე სკოლის ფსიქოლოგთან იყო. სკოლაში ფსიქოლოგიური სამსახური უნდა იყოს. განათლების სამინისტრომ გააუქმა შტატები, ახლა ნელ-ნელა დაიწყეს, მაგრამ ყველა სკოლას არ ჰყავს. სკოლა ამ პრობლემების წინაშე სრულიად მოუმზადებელია. ყველას უნდა, რომ ეს პრობლემები დამრიგებელმა გადაწყვიტოს. ერთი დამრიგებელი 29-35 ბავშვთან ვერ იმუშავებს", - განაცხადა ბადაშვილმა.

მისი თქმით, პედაგოგები 21-ე საუკუნის ბავშვებს დაშორდნენ და ისინი კრედიტების ამღებ მასწავლებლებად იქცნენ.

"რეგულაციებითა და რეფორმებით მასწავლებლები გადააქციეს ტრენინგებზე მორბენალ პედაგოგებად და კრედიტების ამღებ მასწავლებლებლად, რომელთაც საერთოდ აღარ სცალიათ ბავშვებისთვის და სკოლისთვის. იმის მაგივრად, რომ ამ მასწავლებლებს ასაკობრივ ფსიქოლოგიაში ტრენინგები უტარდებოდეთ... ახლა ვუყურებ, რომ პედაგოგები ამ თაობას სრულიად დაშორებული არიან. ბავშვებს სულ სხვა რაღაცები აინტერესებთ, 21-ე საუკუნის ახალგაზრდობაა და პედაგოგების ძირითადი ნაწილი მეოცე საუკუნეში გყვავს. მე ვიძახი ძირითადად მასაზე. სკოლა მხოლოდ პედაგოგების განვითარებაზეა ორიენტირებული. მასწავლებელთა განვითარების ახალი სქემა მიიღეს და ნახავთ, რომ მთელი სქემა ორიენტირებულია სკოლაში მასწავლებელთა განვითარებაზე და მოსწავლე აღარსად ჩანს", - განაცხადა ბადაშვილმა.

გადაცემაში "კომენტარი" განხილვის თემა თერჯოლაში მომხდარი ტრაგედია იყო. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 23 აგვისტოს 11 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. უწყების ცნობით, ბრალდებული შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობა გამოიწვია. 


close დახურვა