
ოპოზიციის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც მეუფე იაკობის განცხადებებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას უკავშირდება, მმართველი გუნდისთის მიუღებელია. პარლამენტში დღეს მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებების შესწავლა კომისიის ფორმატში მოითხოვეს, თუმცა პროკურატურის კვალდაკვალ, საკითხის მიმართ ინტერესს არც საპარლამენტო უმრავლესობა გამოხატავს. იაკობს სინოდმაც აპატია, - სასულიერო იერარქიიდან განკვეთილ პეტრეს კი ეპარქიის დატოვება მოუხდა. ის პატრიარქს არ ემორჩილება, და საკუთარი სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლას აპირებს. ჭყონდიდის ეპარქიის უკვე ყოფილი მიტროპოლიტი ისევ აღნიშნავს, რომ მზად არის მისი ბრალდებების ნამდვილობა დაამტკიცოს.
საპატრიარქოში კი, მეუფე პეტრეს განცხადების მიუხედავად, მაინც იმედოვნებენ, რომ ის სინოდს დაემორჩილება. მის დღევანდელ განცხადებებზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირები შეფასებას აღარ აკეთებენ და ყურადღებას, სინოდის მომდევნო სხდომის ჩატარებაზე ამახვილებენ. საპატრიარქოს პრესსპიკერი, მეუფე პეტრეს კიდევ ერთ მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც სინოდის სხდომის პირდაპირ ეთერში ტრანსილირების საკითხს ეხება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მოთხოვნა უარგუმენტოა და ის არ შესრულდება.
შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობის განცხადებით, ის მაშინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ.“ 31 ოქტომბერს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობს ამ განცხადებების გამო გაფრთხილება მიეცა. ამავე სინოდის სხდომაზე, გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრეს მიტროპოლიტის წოდება ჩამოერთვა.