logo
ENG



გომურს რომ თვალი არ აქვს, არის თუ არა ეს დანაშაული? - NGO-ები პროკურატურას მიმართავენ

05 ნოე 201912:39
3 წუთის საკითხავი
 
k6togr43e17qzex.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები 20 ივინისის ღამეს დაშავებული მოქალაქეებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავენ. 

როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, ხელისუფლებას არ სურს მოქალაქეებისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება, რადგან სალაძის განმარტებით, ამით ისინი საკუთარ დანაშაულსაც აღიარებენ. 

"კანონმდებლობა იძლევა სრულ საფუძველს იმისა, რომ მაკო გომური არა თუ დაზარალებულად უნდა იყოს აღიარებული ხვალ და ზეგ, არამედ ის უკვე უნდა ყოფილიყო დაზარალებულად აღიარებული 21-22 ივნისს. რეალურად ეს არის პოლიტიკური ნების ნაკლებობა ქვეყანაში, რადგან ხელისუფლებას, გამოძიებას არ სურს აღიაროს, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი ყოფილი, ასევე სამართალდამცავთა მხრიდან. თუმცა, თუ ათეულობით პირის დაზარალებულად აღიარება მოხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემას ჰქონდა ჩავარდნა და სისტემამ ასევე დიდი ალბათობით დაუშვა შეცდომა. ის, რომ მაკო გომურს არ აქვს თვალი, ვეკითხები ახლა გამოძიებას, რა არის? არის თუ არა ეს დანაშაული"? - განაცხადა სალაძემ

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, EMC-ის წარმომადგენელი გურამ იმნაძე ქვეყანაში არსებულ ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის 67 სამართალდამცველს დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული. 

"ერთის მხრივ სამოქალაქო პირებთან დაკავშირებით პროკურორი აცხადებს, რომ კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ მათ მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი, თუმცა იგივე მოვლენების დროს, დაზარალებული სამართალდამცავები უკვე სარგებლობენ დაზარალებულის სტატუსით. 67 პოლიციელს აქვს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული. იგივე კანონმდებლობით, რაც დღეს მოქმედებს. ესეთი ორმაგი სტანდარტი ტოვებს შერჩევითობის განცდას და ასევე, იმის განცდას, რომ პროკურატურას არ სურს გამოიძიოს შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტები", - განაცხადა იმნაძემ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე მიიჩნევს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლა, მოქალაქეების დასჯას ითვალისწინებდა. 

"ამ აქციაზე იმდენი დაშავებული ჟურნალისტი გვყავს, რომელიც არ ყოფილა სხვა აქციების დროს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ აქციის დაშლა სწორედ დასჯას ითვალისწინებდა და არა დაშლას", - აღნიშნა ლონდარიძემ. 

 


close დახურვა