
„შმაქსისტები“, მათი ხშირი დაჯარიმების გამო, რესპუბლიკის მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე, საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პოლიციის თანამშრომლები მათ უკანონოდ აჯარიმებენ, რადგან ისინი საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობენ და ტაქსის ნიშნის ქვეშ არ მუშაობენ.
„გვაჩერებენ მხოლოდ მაშინ, თუ სტუდენტი გადაგვყავს. ცარიელ მანქანებს არ აჩერებენ. პირდაპირი დავალება აქვთ მიღებული ჩვენს დაჯარიმებაზე. ისეთ კითხვებს გვისვამენ, როგორც მძღოლებს, ისე სტუდენტებს, რომ სადღაც ჩაგვჭრიან, გადაიღებენ კამერით და მერე 200 ლარიან ჯარიმას გვიწერენ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციით ერთ-ერთი ორგანიზატორის, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, აქციის მონაწილეებს სამი კონკრეტული მოთხოვნა აქთ.
„შმაქსი არის საგანმანათლებლო პროექტი, სამ ქალაქში ვართ საქართველოში, ეს არის თბილისი, რუსთავი და ქუთაისი. ჩვენი მოთხოვმაა, თავი დაანებონ შმაქსებზე ნადირობას, არანაირი უფლება არ აქვთ, დაკითხონ როგორც შმაქსისტი, ისე სტუდენტი. გააუქმონ პირველი ოქტომბრის მერე გამოწერილი ჯარიმები და ზოგადად გააჩერონ ტაქსების რეფორმა, რის გამოც ეს ნადირობა მიმდინარეობს“, - აცხადებს ჯაფარიძე.
მისივე თქმით, „შმაქსების“ პროექტით ამერიკული კომპანიაა დაინტერესებული და ის მის შესყიდვას გეგმავს.