
ხმაურით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფების ფონზე მიმდინარეობდა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. დარბაზში ისმოდა გინება და უხამსი გამონათქვამები. უმრავლესობის წევრები უკვე ღიად ამბობენ, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას გუნდში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ახლა დეპუტატები უმრავლესობის სხდომის მოწვევას ითხოვენ. როგორ უსწორდებიან ფიზიკურად ერთმანეთს „ოცნების" ყოფილი და მოქმედი დეპუტატები „ფორმულას“ კამერამ გადაიღო. კობა ლურსმანაშვილსა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას წინ ხმამაღალი კამათი უძღოდა. იყო მუქარა და უწმაწური შეძახილებიც. თუმცა, ეს ერთადერთი ცხელი წერტილი არ ყოფილა. დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის წევრის ირაკლი ბერაიას ცემა სცადა, თუმცა მანდატურებმა ვითარების განმუხტვა დროულად შეძლეს. დღეს დაპირისპირებაში თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთო. „ქართული ოცნება" ოპოზიციის მწვავე განცხადებებზე დღეს განსაკუთრებით აგრესიულად რეაგირებდა.
ამ ხმაურიანმა პროცესმა ოპოზიციას ეჭვი გაუჩინა, რომ „ოცნებას“ სხდომის ჩაშლა და შესაბამისად საკონსტიტუციო ცვლილებების შეჩერება სურდა; ამ მიზნით მაჟორიტარების ხელოვნური გააქტიურებაც ივარაუდეს. პროგნოზი მალე გამართლდა - საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი გამოჩნდა, რომელმაც „ფორმულას“ უთხრა, რომ მაჟორიტარებზე „ოცნების" ხელმძღვანელობა ძალადობს. კახა ოქრიაშვილმა თქვა, რომ გუნდში დაახლოებით 40 თანამოაზრე ჰყავს. ამ კომენტარიდან რამდენიმე წუთში სხდომათა დარბაზში უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა - აღმოჩნდა, რომ კანონპროექტის მიმართ მასაც კითხვები აქვს - იმის მიუხედავად, რომ ცვლილებების ინიციატორი თავადაც იყო, 92 დეპუტატთან ერთად. გარდა ამისა, უმრავლესობის რამდენიმე წევრი აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში გაცილებით მეტი დეპუტატის გაყვანას შეძლებს.
„მე არაერთხელ დავაყენე გუნდში დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც მაქვს მე და არა მხოლოდ მე, ძალიან ბევრ მაჟორიტარს და არა მხოლოდ მაჟორიტარს, რომ ამ კითხვებზე პასუხი იქნას გაცემული. რადგან ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღე, ვცადე დარბაზში დამეყენებინა საკითხი. თან ეს საკითხია, რომელიც ეხება ქვეყნის მომავალი ცხოვრების წესს. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს სწორი. მე არ ვაპირებ ამას მხარი დავუჭირო და თუ ვინმე ეცდება მაიძულოს, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღო, არ დამენანება მანდატის დატოვება,“ - განაცხადა ხუნდაძემ.
დღეს პარლამენტში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, დათმობას არ აპირებს ოპოზიცია და ხელისუფლებას ახსენებს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ის ვალდებულებაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშეც აიღო. ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ძვირი დაუჯდება.
„ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანონპროექტი 2020 წელს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო ცვლილებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ მაჟორიტარების მუქარა შესრულდება და 40 დეპუტატი ცვლილებებს გაემიჯნება, კანონპროექტი ჩავარდება.