აქციაზე „ერთად ერთის წინააღმდეგ“ იმყოფება ბესიკ თამლიანის დედაც. მას დამსწრე საზოგადოებას მიმართა და საპყრობილიდან თავისი შვილის დანაბარები გადასცა.
„დღეს მე თქვენ წინაშე ვდგავარ ჩემი შვილის თხოვნით - გუშინწინ ვიყავი მასთან, არის ძალიან მხნედ, უბრალოდ გული სწყდება, რომ აქ ჩვენს შორის არ არის. ის არის ივანიშვილის პირადი ტყვე. ხუთი თვეა ვზივარ ციხეში და ორჯერ ვიგრძენი თავი პატიმრადო - პირველად მაშინ, 20 ივნისს რომ დამიჭირეს და მეორედ 14 ნოემბერს, იმდენი ხალხი რომ იყო პარლამენტის წინ და მე თქვენ შორის არ ვიყავი. მთხოვა მაისური მომეტანა ნოდოსთვის, რომ მასაც თავი აქ ეგრძნო. შვილო, თუ ახლა მისმენ, მე შევასრულე დაპირება - შენ აქ ხარ, ჩვენთან ერთად!“ - განაცხადა რუსუდან თამლიანმა.
პარლამენტის წინ აქცია დაახლოებით ერთი საათია, რაც დაიწყო. შეკრებილი საზოგადოება აქციაზე „ერთად ერთის წინააღმდეგ" მოითხოვს ვადამდელ პროპორციული წესით არჩევნებს, დროებითი მთავრობის დაკომპლექტებასა და ცესკო-ს რეორგანიზაციას.
