logo
ENG



14 NGO დავით გარეჯის საქმეზე: გამოძიების ინიცირება პოლიტიკურად მოტივირებულია

08 ოქტ 202021:30
3 წუთის საკითხავი
 
7sch9630zbqvfeq.png

14 არასამთავრობო ორგანიზაციები დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ გამოძიების ინიცირება პოლიტიკურად მოტივირებულია. 

როგორც NGO-ების განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების წინასაარჩევნო კონტექსტთან ერთად, ასევე საყურადღებოა აღნიშნული საქმის უფრო ფართო ჭრილში განხილვა და რეგიონში მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს ამ თემის გააქტიურების მიზეზების გარკვევაც.

არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ: შეწყვიტოს წინასაარჩევნოდ მოსახლეობისათვის სენსიტიური თემებით მანიპულირება; შეისწავლოს საქართველოს შიდა საქმეებში რუსეთის სპეცსამსახურებისაგან ჩარევის რისკები და გამოძიებაში რუსეთთან დაკავშირებული პირების ჩართულობის საკითხი; უზრუნველყოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სამართლიანი სასამართლო პროცესი და არ დაუშვას უდანაშაულო პირთა უფლებების დარღვევა; საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება გამოძიების მსვლელობისა და შედეგების თაობაზე; საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მკაცრად დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია და აღნიშნული საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენოს. 

განცხადებას ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; ღია საზოგადოების ფონდი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; მედიის განვითარების ფონდი; საზოგადოება და ბანკები; კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; სამოქალაქო განვითარების სააგენტო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს გაეროს ასოციაცია.

დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა გუშინ, 7 ოქტომბერს დააკავეს.

გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა