logo
ENG



14 ოქტომბერს კორონავირუსის გამო 93-ე საჯარო ბაღი დაიხურა, სულ ამ დრომდე 13 ბაღია დახურული

14 ოქტ 202018:55
3 წუთის საკითხავი
 
ba47au0zhpqlno8.jpeg

დღეს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კიდევ ერთი, 93-ე საჯარო ბაგა-ბაღი 2 კვირით დაიხურა. ბაღის დირექტორის თქმით, სპეც-პედაგოგს, რომელიც 6 ოქტომბრიდან მოყოლებული თვითიზოლაციაში იმყოფებოდა კორონავირუსი დაუდასტურდა.

მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგს ბავშვებთან შეხება არ ჰქონია, 6 ოქტომბრამდე მას ბაგა-ბაღის სხვა თანამშრომლებთან ჰქონდა კონტაქტი.

"ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სააგენტომ, ვინაიდან 6 ოქტომბრის შემდეგ, მართალია, არ ყოფილა ის სპეც-პედაგოგი საბავშვო ბაღში, მაგრამ აღმზრდელებთან და თანამშრომლებთან კონტაქტი 5-ში და 6-ში, თავისთავად, ფიქსირდება.

რაც შეეხება ბავშვებს, ბავშვები ჩვენ მივიღეთ 12 ოქტომბერს. ზუსტად ამიტომ, მივიღეთ ერთობლივად გადაწყვეტილება, პრევენციის მიზნით, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება, თორემ ყველა კარგად გრძნობს თავს და არც ერთ თანამშრომელს არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს", - განუცხადა "ფორმულას" ბაღის დირექტორმა ლამარა ტყავაძემ.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, ამ დრომდე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 13 საჯარო ბაგა-ბაღი ან დაიხურა, ან საერთოდ არ გახსნილა.

"სულ 183 საბავშვო ბაღი გვაქვს თბილისში. აქედან 12 ოქტომბერს არ გაიხსნა 4 ბაღი. გუშინ დაემატა კიდევ 5 ბაღი, რომელიც დაიხურა. 14 ოქტომბრის მდგომარეობით კი, 13 ბაღია დახურული", - განუცხადეს "ფორმულას" სააგენტოში.

ბაგა-ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა.


close დახურვა