ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა - IDFI-მ პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის ხარჯების საკითხი შეისწავლა. როგორც ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე დგინდება, რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის ძვირადღირებული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და სხვა ინტერიერის აქსესუარების შესყიდვა, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, შესაბამისი ბაზრის დაჩქარებული შესწავლა/ექსპერტიზის და კონკურენციის არარსებობის პირობებში, განხორციელდა.
IDFI-ში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში შექმნილი სარეზერვო ფონდები გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად გამოიყენება. მათივე განმარტებით, შესაბამისად, რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის თანხის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, აჩენს კითხვებს რამდენად შეესაბამება ეს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდის განკარგვის პრინციპებს.
"ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი; სულ გაიხარჯა 2 174 783 ლარი, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი მათ რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი - თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას; ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი - 59 000 აშშ დოლარი; შესყიდულ ანტიკვარულ ავეჯს (გარნიტურები, ბული, მაგიდა) შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსული - პავლე პირველის პერიოდის (1754-1801) „ბიუროს სეკრეტერი“ - საწყისი ღირებულებით 18 100 აშშ დოლარი; შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული - ფრანგული, 6 ერთეული - რუსული, 3 ერთეული ირანული, ხოლო 2 ერთეული - შუა აზიური; თანამედროვე ავეჯს შორის ყველაზე ძვირადღირებულია 13 000 ევროს და 10 300 ევროს ღირებულების ტახტები", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მონაცემებში.
IDFI მიიჩნევს რომ, მსგავსი შინაარსის შესყიდვებისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა, მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სარეზერვო ფონდის განკარგვის მთავარ პრინციპს, რაც თანხების გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გამოყოფას გულისხმობს, ხოლო ბაზრის სათანადო შესწავლის და კონკურენციის არ არსებობის პირობებში განხორციელებული სოლიდური ღირებულების შესყიდვები, მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს. IDFI მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დეტალურად შეისწავლოს სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის გამოყოფილი თანხების განკარგვის მიზნობრიობა და ხარჯთეფექტურობა.