logo
ENG



კულტურული ცენტრი, როგორც ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულება, რბილი ძალის ყველაზე ძლიერი გამტარებელია - გვარამია

09 დეკ 201913:29
3 წუთის საკითხავი
 
4gahgb51zm2ky9p.jpg

 

რა საფრთხეებს მოიცავს თბილისში რუსული კულტურის ცენტრის შესაძლო გახსნა - ეს საკითხი "რუმსში" მიმდინარე კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემაა. ღონისძიებას პოლიტიკოსები, ექსპერტები, ხელოვანები და სასულიერო პირები ესწრებიან. კონფერენციაში ასევე მონაწილეობს „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც რბილი ძალის გატარებაში კულტურული ცენტრის როლზე ამახვილებს ყურადღებას.

„კულტურული ცენტრი, ისევე როგორც ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულება, არის რბილი ძალის ყველაზე ძლიერი გამტარებელი. რუსეთი მოქმედებს ამ მიმართულებით. ასევე სპეციფიურად რუსული ფენომენი ამ მხრივ არის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც რუსეთი ასევე ძალიან კარგად იყენებს“, - განაცხადა გვარამიამ.

„ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის“ წევრი შოთა მალაშხია კი მიიჩნევს, რომ ამ საკითხის მიმართ, ხელისუფლება პრინციპული უნდა იყოს. 

„ცხადია ხელისუფლება ამის მიმართ უნდა იყოს მდგრადი, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში გვყავს რუსული ხელისუფლება, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაქრობას“, - აცხადებს შოთა მალაშხია.

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ კულტურის ცენტრების გახსნა, რუსეთისთვის აპრობირებული მეთოდია, ამიტომ ამაში ახალი არაფერია, მთავარია საქართველოს როგორ დაიცავს საკუთარ ინტერესს.

„რუსეთის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის, ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია კულტურული ცენტრების გახსნა. ეს ცნობილი მეთოდია და საბჭოთა კავშირის დროსაც ასე იყო. ამაში ახალი არაფერია, მთავარია ჩვენ ქვეყანას აქვს თუ არა თავისი ინტერესი და როგორ  დაიცავს მას. დღევანდელი ჩვენი სახლმწიფო, სამწუხაროდ, იმუნიტეტისგან დაცლილი ქვეყანაა, ამიტომ საზოგადოებამ უნდა გაუწიოს ძალიან მშვილი და ფხიზელი წინააღმდეგობა“, - განაცხადა სანიკიძემ.

ღონისძიების დასასრულს ხელი მოეწერება მანიფესტს, სადაც საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ მათ უარყოფით პოზიციას, რუსული კულტურის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, რომ რუსმა დიპლომატმა გრიგორი კარასინმა თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა დააანონსა. კარასინმა ეს განცხადება პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურა აბაშიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც თავად აბაშიძე განმარტავს, ის ცენტრის შესაძლო გახსნის შესახებ იფნორმაციას არ ფლობს.

 

 


close დახურვა