
პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას ქართული ჯარისა და შეიარაღების შესახებ უმრავლესობაში ემხაურებიან. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის მთავარდალს უმრავლესობაც კი აკრიტიკებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთ სენსიტიურ საკითხს, როგორიც ქართული ჯარია.
„ყოველთვის, როდესაც ვსაუბრობთ ჯარზე, ჩვენს ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე, მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, ეს უკავშირდება ეროვნულ გრძნობებსა და ემოციებს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის განცხადების ქვეტექსტი უკავშირდებოდა განათლებას, ის მაინც მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს", - აცხადებს სესიაშვილი.
სესიაშვილისგან განსხვავებით ნაკლებად კრიტიკული აღმოჩნდა უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, სოფო კილაძე, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება იმით ახსნა, რომ პრეზიდენტი საქართველოში გაზრდილი არაა და სათანადოდ ვერ გამოხატა სათქმელი.
„მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე სხვა რაიმეს გულისხმობდა. ალბათ იმის თქმა უნდოდა, რომ ჩვენი ხსნა, ჩვენი მთავარი მიმართულება განათლება, მეცნიერება - ამას გულისხმობდა ალბათ. ვერ გამოხატა სათანადოდ, რისი თქმაც უნდოდა. ვერ გადმოსცა იმიტომ, რომ ის არ არის საქართველოში გაზრდილი“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს არ ჰყავს ჯარი, არ გააჩნია იარაღი და არც ექნება.