logo
ENG



ოცნების და ე.წ. ამბოხებული დეპუტატების შეთანხმებას, ოპოზიცია იაფფასიან აფიორად აფასებს

13 დეკ 201914:37
3 წუთის საკითხავი
 
b51sit5ql80ip20.jpg

მმართველი გუნდის მიერ წამოყენებულ ახალ ინიციატივას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ითვალისწინებს, ოპოზიცია დადგმულ სპექტაკლს უწოდებს. ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ლიდერები ე.წ. ამბოხებულ დეპუტათებთან მიღწეულ შეთანხმებას მორიგ აფიორად აფასებენ და აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს ძალაუფლება რაც შეიძლება მეტხანს შეინარჩუნოს. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა განმარტავს, რომ "ქართული ოცნება" ე.წ. ამბოხებული დეპუტატების ინიციატივას მაინც ვერ დაამტკიცებს, რადგან, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს. 

„ახლა „ქართული ოცნების“ ოცნება არის რომ 2020 წლის მერეც და ისინი ხვდებიან, რომ ასეთ კოჭლ არჩევნებს ვერ ჩაატარებენ, კიდევ დაამძიმონ სურათი და 2020 წლის მერეც თვითონ ჩაატარონ რიგგარეშე და ისიც შერეული სისტემით იყოს. ამას სჭირდება კონსტიტუციის ცვლილება და კონსტიტუციის ცვლილებას სჭირდება 113 ხმა, რომ ახლა შევიდეს ძალაში, ან 100 ხმა, რომ შემდეგმა პარლამენტმა დაამტკიცოს. „ქართულ ოცნებას“ როგორც ჩანს არითმეტიკა ღალატობს, რადგან საკმარისი ხმები არ აქვს და ჩვეულებრივად ბაქიბუქობენ“, - განაცხადა უგულავამ.

მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს იაფფასიან მცდელობად აფასებს გუნდის ყოფილი წევრი ეკა ბესელია. დამოუკიდებელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაშიც, მათი ავთენტურობა დასადგენი იქნება. 

"ეს ითარგმნება როგორც პოლიტიკური აფერა, ძალიან იაფფასიანი მცდელობა. რომ ჰკითხო მდინარაძეს და მის თანამოაზრეებს, უსასრულოდ უნდათ რა თქმა უნდა ხელისუფლებაში დარჩენა, მაგრამ ნურას უკაცრავად. ჯერ გააცნობიერონ, რომ არავის აღარ სჯერა ასეთი სპექტაკლების. ჯერ შეაგროვონ ეს 200 ათასი ხელმოწერა და ნამდვილი უნდა იყოს ეს ხელმოწერები. მიღების პერსპექტივაც არ აქვთ, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობაც არ გააჩნიათ. ეს ბოდვაა", - აღნიშნა ეკა ბესელიამ. 

ამ თემაზე საუბრისას კიდევ ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ყოფილ გუნდს "ლეგიტიმაციადაკარგული ძალა" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლების მორიგი ტყუილია. 

„ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და შესაბამისად ასეთი გადამგდები პოლიტიკური ძალისგან ასეთი შეთავაზებები მისაღები არ არის. ეს თავიანთი ვირეშმაკობები უნდა შეინახონ თავისთვის“, - განაცხადა კობერიძემ. 

ოპონენტების მოსაზრებას არ იზიარებს მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ე.წ. ამერიკულ მოდელზე გადასვლის ინიციატივით გამოვიდა. ხუნდაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის უმრავლესობასთან შეთანხმება მიღწეულია და ინიციატივას უკან გაიწვევენ. 

„ჩვენ ვითხოვდით იმ სახიფათო საკონსტიტუციო ჩანაწერის გასწორებას, რომელიც ხელს აძლევს, რომ შეიქმნას არასტაბილური გარემო საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის შემდგომი არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, შემდგომი ნიშნავს იმას, რომ ეს შეიძლება იყოს რიგგარეშე არჩევნებიც. ასევე ეს ახალისებს დესტრუქციულ ძალას, რომელიც ქუჩას არ ტოვებს და საზოგადოებას ახალისებს. ამ ნაწილშიც კომპრომისი უმრავლესობის უმრავლესობის მხრიდან არის შემოთავაზებული და ჩვენთვის ეს მისაღებია. უმრავლესობა შეეცდება, რომ ეს ჩანაწერი ჩაასწოროს. ჩვენი მხრიდან დავთანხმდით, რომ ამ ეტაპზე არ მოვითხოვთ 2024 წლის არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებას", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირობით, ოცნებამ ე.წ. ამბოხებულ დეპუტატებთან შეთანხმებას მიაღწია.

 


close დახურვა