
ფრანგული გამოცემა Le Point-ი „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს „საქართველოს მეფედ“ და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირს უწოდებს. სტატიის ავტორი მარკ ნიქსონი ივანიშვილს "ჭირვეულ ოლიგარქადაც" მოიხსენიებს და ვრცელ სტატიას უძღვნის.
ნიქსონი სტატიაში წერს, რომ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, 63 წლის ასაკში საქართველოს ყოვლის შემძლე ბატონი გახდა.
"რაც არ უნდა ამტკიცოს ბიძინა ივანიშვილმა, არის ეჭვი, რომ ის რუსეთის კაცია. აგვისტოს ომის შემდეგ, ივანიშვილი სააკაშვილს ეუბნებოდა, რომ მას მოუწევს პუტინისთვის ბოდიშის მოხდა, რადგან საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს მხარს უჭერდა. "რუსეთისთვის ბოდიშის მოხდა მომიწევს, რადგან მოსკოვი არასდროს მაპატიებს შენი პროექტების მხარდაჭერას" - უთხრა ივანიშვილმა სააკაშვილს. ასევე ივანიშვილმა სააკაშვილს სპეციალური კორიდორის გაკეთება მოსთხოვა იმ შემთხვევისთვის, თუ თბილისში ვითარება დაიძაბებოდა. ის სავარაუდოდ საფრანგეთში აპირებდა გაქცევას. შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ჩემთვის ის ინფორმაციაც, რომ ივანიშვილი ისრაელს 11 სექტემბრის ტერაქტიც შესახებ ინფორმაციას აწვდიდა", - წერს სტატიის ავტორი.
ნიქსონი აგრეთვე იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ივანიშვილმა ბიზნესი მოსკოვში დაიწყო და მისი მოღვაწეობა მაფიასთან იყო დაკავშირებული.
გარდა ამისა, სტატიის ავტორი ამბობს, რომ ივანიშვილს ოფიციალური ძალაუფლება არ გააჩნია. სტატიაში ვრცლად არის აღწერილი ივანიშვილის მოღვაწეობა რუსეთში, როგორ დაიწყო ყოფილმა პრემიერმა ბიზნესი და ასე შემდეგ. ნიქსონი ასევე წერს, რომ ივანიშვილის ყველა მინისტრი მისი პირადი გარემოცვის წევრია.
"ყველა მინისტრი, რომელიც ახლა თანამდებობას იკავებს, ან მისი პირადი სტომატოლოგია ან დაცვის უფროსი. მოსკოვის შემდეგ ივანიშვილი საქართველოში ბრუნდება და მეცენატი ხდება. უდგას გვერდით მიხეილ სააკაშვილს, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ მიდის. ის რამდენიმე თვე ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად. როგორ? სხვადასხვა ქველმოქმედებებშია ჩართული", - ამბობს სტატიის ავტორი.