"ახალგაზრდა იურისტთა სოციაცია", რომელიც თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესებს იცავს, გამოძიების საქმის მასალებს გაეცნო. საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე დეტალებზე ჯერ არ საუბრობს და ამბობს, რომ მასალებს დღეს ოჯახი უნდა გაეცნოს.
სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გამომძიებლის დაკავებასთან დაკავშირებით, თავდაყირა აყენებს შს სამინისტოს ვერსიას, როცა ისინი ამბობდნენ, რომ მოზარდი დაკითხვის დროს მარტო არ დარჩენილა.
„ჩვენ განცხადება გავავრცელეთ და ვთქვით, რომ გამოკითხვის დროს ორი შემთხვევა იყო, როცა მოზარდი დარჩა მარტო, ამას ძალიან სწრაფად გამოეხმაურა შსს და ფაქტობრივად, მთელი სისტემა ამტკიცებდა, რომ მოზარდი არ დარჩენილა მარტო. თუ მათი წარმოდგენით 5-10-15 წუთით, მოზარდის მარტო დარჩენა არ არის მარტო დატოვება, ეს ასე არ არის. წამებში შესაძლოს ამოხდეს ის, რისი მიღწევაც, რომელიმე არაკეთილსინდისიერ გამომძიებელს სურდეს. შეიძლება სისტემის შიგნით ცდილობდნენ, ისევე მოგვარებულიყო საქმე, როგორც სხვა შემთხვევაში ხდებოდა. გარდა ამისა, ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება გამომძიებლის დაკავების თაობაზე, თავდაყირა აყენებს შს სამინისტროს ვერსიას. ერთი პირის დაკავება არ არის საკმარისი, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც რაიმე ფორმით შეიძლება ამ საქმესთან იყოს კავშირში“, - განაცხადა სულხან სალაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის გუშინ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.