logo
ENG



მკვლელი სისტემა - ბოლო წლების განმავლობაში პოლიციის მხრიდან გულგრილობისა და ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი ქვეყანაში იზრდება

18 დეკ 201920:21
3 წუთის საკითხავი
 
xgcpca3ekzw9gvw.jpg

 

მკვლელი სისტემა - ბოლო წლების განმავლობაში პოლიციის მხრიდან გულგრილობისა და ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი ქვეყანაში იზრდება. დემურ სტურუა, თემირლან მაჩალიკაშვილი, ზურაბ დადეშელი, ლევან აბზიანიძე, ამირან კვირიკაშვილი, ირაკლი ხოფერია და სხვები - სამართალდამცველების მოპყრობას, ზეწოლას, შანტაჟს და ძალადობას შეეწირნენ.

სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე 2014-2017 წლებში სახალხო დამცველმა პროკურატურას 91-ჯერ მიმართა. ბრალი პოლიციელს მხოლოდ 2 შემთხვევაში წარედგინა. უფლებადამცველები, ამბობენ, რომ დანაშაულში, რომელშიც სავარაუდო დამნაშავეები სამართალდამცველები არიან, მათ პასუხს არავინ სთხოვს. დაუსჯელობის სინდრომი კი სახელმწიფოს სისტემურ პრობლემად ექცა.

სამართალდამცველების შესაძლო დანაშაულის შესახებ ახალი განაცხადი სწორედ დღეს შევიდა, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში. ის ითხოვს დახმარებას. მოქალაქე აცხადებს, რომ 16 წლის მოზარდი დააკავეს და მისი დაკითხვა ოჯახისა და უფლებადამცველის გარეშე ხდებოდა. 

„დასავლეთ საქართველოში საპოლიციო რეჟიმის დროს მოხდა არასრულწლოვნის შეჩერება. შემდეგ დაიწყეს გარეგანი დათვალიერება. ამ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ოქმის შედგენას, რაც არ მომხდარა. პირის მიმართ განხორციელდა ამოღების ფაქტი, ეხებოდა ნაკლებად მძიმე დანაშაულს. პირი ჩასვეს და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. ამის შემდეგ პირი მიიყვანეს კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოხდა მისი გამოკითხვა“, - განუცხადა მოქალაქემ ჟურნალისტებს. 

მსგავსი თემატიკით დაინტერესებული არასამთავრობოები აცხადებენ, რომ დღეს ქვეყანაში ამ კუთხით სისტემური პრობლემებია.

„ჩვენ ვაკრიტიკებთ ამ უწყებას იმიტომ, რომ მათი მთავარი მოქმედების ხაზი ძალადობაზე გადის და სუსტის დაჩაგვრაზე. ამ მიმართულებით წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა. აქ კონკრეტული თანამშრომლების დასჯა-არდასჯაზე არაა საუბარი. აქ მმართველობის სისტემაზეა საუბარი“, - აცხადებს „ადამიანის უფლებათა დაცვის“ იურისტი გურამ იმნაძე.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში მათ არქივში ათობით ასეთი საქმე დაგროვდა, სადაც სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველები არიან, მაგრამ როგორც წესი, მათ პასუხს არავინ თხოვდა.

„წლების განმავლობაში არ არსებობდა ნება, რომ ეს საქმეები გამოძიებულიყო. გამოძიების დაწყება ელემენტარული რამაა, მაგრამ შედეგის დასადგომად საკმარისი არაა“, - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. 

სახალხო დამცველი კი აცხადებს, რომ სისტემა საკუთარ თანამშრომლებს იცავს.

„როგორც წესი და ეს სისტემის პრობლემაა და პირველი რეაქციაა, რომ სისტემა საკუთრ თანამშრომლებს იცავს და ცდილობს ხელი დააფაროს სავარაუდო დანაშაულს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სტუდია მონიტორმა დათვალა, რომ  სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე 2014-2017 წლებში სახალხო დამცველმა და არასამთავრობო სექტორმა პროკურატურას 91-ჯერ მიმართეს. ბრალი პოლიციელს მხოლოდ 2 შემთხვევაში წარედგინა. სასამართლოს კი გამამტყუნებელი განაჩენი არც ერთ შემთხვევაში გამოუტანია. 

 

 

 

 

 

 


close დახურვა