logo
ENG



17 პაციენტიდან 11-ს კვლევა უკვე ჩაუტარდა და მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ - ეზუგბაია

28 თებ 202011:06
3 წუთის საკითხავი
 

17 პაციენტიდან 11-ს კვლევა უკვე ჩაუტარდა და მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, - განცხადება რამდენიმე წუთის წინ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა. 

მან ჟურნალისტებს ბოლო სტატისტიკა გააცნო და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში სულ 28 პაციენტი რჩება. 

"გუშინ ცენტრი დატოვა 6-მა პაციენტმა და ისინი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ასევე, გუშინ შემოიყვანეს 17 პაციენტი, ხოლო კვლევა ჩაუტარდა 11 მათგანს. თითოეული ტესტის აღებას სჭირდება ხანგრძლივი პერიოდი იმისთვის, რომ მოხდეს ყველა პაციენტის გამოკვლევა. გუშინ 3 ეტაპად გადავწყვიტეთ ანალიზების ჩატარება. 11 პაციენტის პასუხი უარყოფითია. დღეს შუადღისთვის იქნება ცნობილი დანარჩენი პაციენტების პასუხები. სიტუაცია სტაციონარში სტაბილურია", - განაცხადა ეზუგბაიამ

რაც შეეხება პირს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

"ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. სიცხე არ აქვს. ყოველდღე ტარდება გამოკვლევები. გართულება ამ ეტაპზე არაფერია. 9 პაციენტის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში უნდა წაიღონ. უნდა ითქვას, რომ თუ გაიზრდება პაციენტების რაოდენობა დღის განმავლობაში, მათი პასუხების გადაიგზავნება ლუგარში", - აღნიშნა ინფექციურის წარმომადგენელმა. 

​გარდა ამისა ის "ტვ პირველის" თანამშრომლის მდგომარეობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა რომ, ტელევიზიის თანამშრომლის მდგომარეობა სტაბილურია. იგი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. 

ეზუგბაია გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, თითქოს ბოქსირებულ განყოფილებაში ადგილების ნაკლებობაა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექოტრის განმარტებით, 1 ბოქსში 3 პაციენტის განთავსების საშუალებაა, ამიტომ, ადგილების ნაკლებობა არ არის. 

"20 ბოქსი არ ნიშნავს 20 პაციენტს. როდესაც ერთი წყაროა, შეგვიძლია 3 პაციენტი დავაწვინოთ ერთ პალატაში. ეს მოგზაურობები ძირითადად იტალიას უკავშირდება, მილანური ვოიაჟები", - ამბობს მარინა ეზუგბაია. 

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ საქართველოშო კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოდიოდა, რა დროსაც ის საზღვრიდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 


close დახურვა