logo
ENG



18 საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი წერილი კობახიძეს: დაუყოვნებლივ გაუქმდეს კანონი

10 მაი 202422:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/sqo0b9lhzscuwt4.jpg

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) და კიდევ 17 საერთაშორისო უფლებადამცველი და პრესის ორგანიზაცია პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ერთობლივი წერილით მიმართავენ და რუსული კანონის გაწვევისა და საქართველოში სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებენ. 

"ჩვენ, ხელმომწერი საერთაშორისო პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები მოგმართავთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" ხელახალი შემოღების და ჟურნალისტების და რეპორტიორების მიმართ ძალადობის უეცარი ზრდის და სხვა შეზღუდვების შესახებ.

ვიმეორებთ მოწოდებას კანონპროექტის დაუყოვნებლივ გაუქმების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის მრავალი დამოუკიდებელი მედიის სიცოცხლისუნარიანობას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც, სულ მცირე, 20 მედიამუშაკის მიმართ დემონსტრაციების გაშუქებისას ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა", - ნათქვამია წერილში. 

აღნიშნავენ, რომ კანონი ხელისუფლებას დამოუკიდებელი ხმების დისკრედიტაციისა და შეზღუდვებისთვის მძლავრ ინსტრუმენტს აძლევს და საფრთხეს უქმნის პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას. 

წერენ ონლაინმედიებისთვის პარლამენტში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვის თაობაზეც და მას მედიის თავისუფლების აშკარა შეზღუდვას უწოდებენ, რაც დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს. გარდა ამისა, წერენ იმასაც, რომ ჟურნალისტები პოლიციის მხრიდან დაშინებისა და ძალადობის გამო ვერ ახერხებენ საკუთარი სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულებას თბილისის ქუჩებში და ესეც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. 

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ პრესის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობითაა უზრუნველყოფილი. საუბრობენ იმაზეც, რომ კონსტიტუციის მე-17 მუხლით უზრუნველყოფილია ცენზურის დაუშვებლობა, მედიის თავისუფლება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა პლურალიზმი. ამასთან, შეახსენებენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მე-3 მუხლსაც, რომლითაც უზრუნველყოფილია ჟურნალისტის უფლება, დაიცვას ინფორმაციის წყაროების კონფიდენციალურობა და სარედაქციო გადაწყვეტილებები საკუთარი სინდისისი შესაბამისად მიიღოს. 

ასევე, საუბარია სისხლის სამართლის 154-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტურ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა მკაცრად ისჯება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩადენილია ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით.

"ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით, სულ მცირე, მედიის 20 თანამშრომელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დააკავეს დემონსტრაციების გაშუქებისას. ჩვენ მოგიწოდებთ უზრუნველყოთ ინციდენტების სრული გამოძიება და დამნაშავეები პასუხისგებაში მიცემა", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

close დახურვა