logo
ENG



18 წლის ბიჭს, რომელმაც დედა და ბებია მოკლა, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდება

25 თებ 202020:25
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე სასტიკი მკვლელობა მოხდა.

18 წლის ბიჭმა მძინარე დედა და ბებია ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი, პოლიციას მომხდარი ფაქტის შესახებ თავადვე აცნობა. ის სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.

ზაზიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს უჭირთ ახსნან, რა გახდა მკვლელობის მიზეზი. მათ არ იციან, უძღოდა თუ არა მკვლელობას წინ კონფლიქტი.

სახლი სადაც მკვლელობა მოხდა, ამ დროისთვის დალუქულია. მეზობლების ინფორმაციით, მეპატრონე ამერიკაში ცხოვრობს და ოჯახს  ამ ბინაში ცხოვრება სოციალური პრობლემების გამო შესთავაზა.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ფსიქოლოგიოური ზეწოლა და ბულინგი ხდებოდა. მანვე აღნიშნა, რომ ბიჭი ბულინგის მსხვერპლი იყო სკოლაშიც, თუმცა აღნიშნული სკოლის ადმინისტრაციამ კატეგორიულად უარყო. სკოლაში ამბობენ, რომ ბრალდებულს ოჯახთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

18 წლის ბიჭს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რომლითაც მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უნდა დადგინდეს.

ცხედრები ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადაასვენეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაჯახი, რომლითაც მან მძინარე დედა და ბებია  მოკლა. დაკავებულს ოფიციალურად ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო. დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 


close დახურვა