logo
ENG



1991 Productions-ის თქმით, აკინის ფილმის დაფინანსებაზე მედიაში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა

26 თებ 202422:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/26/q94zqs76mgalewb.jpg

საპროდიუსერო კომპანიამ - 1991 Productions ლევან აკინის ახალი ფილმის დაფინანსებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, 1991 Productions-ის კინოწარმოება არასდროს დაუფინანსებია ლელო საქართველოსთვის ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, ან მის მიერ დაფუძნებულ რომელიმე ორგანიზაციას.

1991 Productions-ში ამბობენ, რომ კომპანიამ ლევან აკინის ფილმის წარმოებაში ფულადი წვლილის შეტანა შეძლო სახელმწიფო სააგენტოს "აწარმოე საქართველოს" პროგრამის "გადაიღე საქართველოში" დაფინანსებით.

"ლევან აკინის ახალი ფილმი “გზაჯვარედინზე”, რომლითაც გაიხსნა 2024 წლის ბერლინალეს პროგრამა “პანორამა”, 5 სხვადასხვა ქვეყნის საპროდიუსერო კომპანიის კოპროდუქციას წარმოადგენს. შვედ, ფრანგ, დანიელ და თურქ პარტნიორებთან ერთად, ფილმის წარმოებაზე იმუშავა, ნინო ჩიჩუასა და ანა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა საპროდიუსერო კომპანიამ - 1991 Productions. პარტნიორმა კომპანიებმა საფრანგეთიდან, შვედეთიდან, დანიიდან, თურქეთიდან და საქართველოდან ფილმის კოპროდუქციაში ჩადეს საკუთარ ქვეყნებში მოძიებული ფინანსური რესურსი.

კომპანიის დროის და რესურსის შენატანს მიღმა, ქართულმა კომპანიამ - 1991 Productions-მა ლევან აკინის ფილმის წარმოებაში ფულადი წვლილის შეტანა შეძლო სახელმწიფო სააგენტოს “აწარმოე საქართველოს” პროგრამის “გადაიღე საქართველოში” დაფინანსებით.

საქართველოს რამდენიმე მედიაში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია კომპანია 1991 Productions-ის და ფილმის ,,გზაჯვარედინზე” დაფინანსების წყაროსთან დაკავშირებით. კომპანია 1991 Productions-ის კინოწარმოება არასდროს დაუფინანსებია მამუკა ხაზარაძეს, ან მის მიერ დაფუძნებულ რომელიმე ორგანიზაციას", - წერია განცხადებაში.

კომპანიამ ის პარტნიორებიც ჩამოთვალა, რომელთა ფინანსური კონტრიბუციით შეიქმნა ფილმი: ევროსაბჭოს კულტურის ფონდი ევრიმაჟი, შვედეთის კინოინსტიტუტი, შვედეთის ტელევიზია SVT, Nordisk კინო და ტელევიზიის ფონდი, RMV Film, დანიის კინოინსტიტუტი, DR დანიის მაუწყებელი, ფრანგული კინოფონდი Aide aux cinémas du monde, აწარმოე საქართველოში - პროგრამა "გადაიღე საქართველოში”.


close დახურვა