ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას მიმართ უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა.
გიორგი ჯანაშიამ დანაშაული აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ბარბაქაძის შემთხვევაში კი მოსამართლემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში.
დათუნა სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულს გიორგი ჯანაშიას გაუფორმდა საპროცესო. მას მსჯავრი 10-დან 8 წლამდე შეუმცირდა, ამ რვა წლიდან ის 4 წელს მოიხდის საპატიმროში, ხოლო 4 წელი ექნება ე.წ. პირობითი მსჯავრი. ამ დრომდე პასუხგაუცემელია კითხვა რა ინფორმაციის საფუძველზე გაუფორმა საპროცესო პროკურატურამ ჯანაშიას და უკავშირდება თუ არა ეს ინფორმაცია მიხეილ კალანდიას ბრალეულობას ხორავას ქუჩის საქმეში.
„გიორგი ჯანაშიას ბრალდების საქმეზე მას ჰქონდა სრული უფლება, რომ საერთოდ არ მიეცა ჩვენება. როდესაც ადამიანი არის ბრალდებული მას აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება საერთოდ უარი თქვას ჩვენების მიცემაზე. მიუხედავად ამისა იმისათვის, რომ ის დახმარებოდა სასამართლოს ჭეშმარიტების დადგენაში და ეპასუხა ყველა კითხვისთვის მან მიიღო გადაწყვეტილება, მისცა ჩვენება, უპასუხა პროკურორების და ადვოკატების ყველა შეკითხვას. ის ვერ ისაუბრებდა ისეთ დეტალებზე, რომლის თვითმხილველიც თვითონ არ ყოფილა თუმცა მან ისაუბრა მთელ რიგ დეტალებზე, თუ როგორ განვითარდა, რა მოხდა ჩხუბის შემდეგ, ვინ სად წავიდა და ა.შ. სამწუხაროდ, ვინაიდან ამ პიროვნების დაკითხვა მიმდინარეობდა დახურულ რეჟიმში არ მაქვს უფლება, რომ დეტალებზე ვისაუბრო,“ - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
პროკურორ თორნიკე ნადირაძის განცხადებით, მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას მიერ იქნა აღიარებული და მონანიებული შესაბამისი დანაშაული. მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მასთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება.
„მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას მიერ იქნა აღიარებული და მონანიებული შესაბამისი დანაშაული. ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მასთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება. არაერთხელ განვმარტე და კიდევ ერთხელ მივუთითებ მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია ორი ინსტანციის სასამართლოში არ ეთანხმებოდა წარდგენილ ბრალდებას იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ უკვე მეორე ინსტანციის სასამართლოში და კვლავ აგრძელებდა ბრალდების მხარე უკვე საპროცესო შეთანხმების ფარგლებში იმის დადასტურებას, რომ გიორგი ჯანაშიას მიერ ნამდვილად იყო განხორციელებული ჯგუფურად განზრახ მკვლელობა დავით სარალიძესთან,“ - განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.