logo
ENG



1 მილიარდი ლარი შეიძლება მოიძებნოს ბიუჯეტში, რომ დაზარალებულებს დახმარება გაეწიოთ - ჯაფარიძე

05 აპრ 202022:03
3 წუთის საკითხავი
clock 390

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“, პანდემიისგან გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, ამ ვითარებაში სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, ვინაიდან მისი განმარტებით, აუცილებელია განისაზღვროს ის თუ რა მასშტაბის ზიანი მიადგება ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით.

„პლანეტა პრაქტიკულად გაჩერდა, მთელი მსოფლიოს ეკონომიკა არის გაჩერებული. ჩვენ ამ თვალსაზრისით პრეცედენტი არ გვქონია, მაგრამ სამწუხაროდ საქართველომ გაიარა ყველა შესაძლო კრიზისი და ყველა კრიზისისგან გამოტანილი უნდა ყოფილიყო ძალიან მარტივი გაკვეთილი - რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიმუშავოს ანტიკრიზისული გეგმა. დაწყებისთანავე უნდა გქონდეს გეგმა, როგორ გამოხვალ პოსტკრიზისულ პერიოდში იმ პრობლემებიდან. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოახდინო იდენტიფიცირება იმ ზომის, რასაც კრიზისი აყენებს ეკონომიკას და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააცნო საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმა, რათა ამან შემოიტანოს სიმშვიდე. ჩვენ შევეცადეთ, რომ შეგვეფასებინა კრიზისის მასშტაბებიდან გამომდინარე თუ რა ზიანს მიიღებს ქართული ეკონომიკა და შევთავაზეთ ხელისუფლებას ის ანტიკრიზისული მოდელი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს უპრეცედენტო პანდემიის მოვლენისგან მიყენებული მიყენებული ზიანის გარშემო დროულ თავის დაღწევას. ჩვენს მიერ გაკეთებული ზიანის შეფასება დაემთხვა შემდგომ სხვა დამოუკიდებელი წყაროს მიერ განხორციელებულ შეფასებას ზიანის და 2 მილიარდი დოლარით იქნა შეფასებული სამი სხვადასხვა წყაროს მიერ. ყველა ქვეყანაში სადაც პანდემიისგან გამოწვეული კრიზისია, ყველგან კრიზისის გამო მიყენებული ზიანის შეფასება არის მთლიანი შიდა პროდუქტის 10-%-დან 15%-მდე. ჩვენ შემთხვევაში მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს 55 მილიარდ ლარს, შესაბამისად 10% არის 5.5 მილიარდი ლარი. ამ კრიზისმა ყველაზე მეტად დაარტყა იმ ინდუსტრიას, რომელსაც განსაკუთრებული როლი ჰქონდა მთლიან შიდა პროდუქტში. ტურიზმის შემოსავლები უტოლდებოდა მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ს. ყველაზე მეტად ამ კრიზისმა დაარტყა ტურიზმს და ეს ეკონომიკაზეც აისახა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ რომ მინიმუმ 6-მილიარდიანი პაკეტი უნდა იყოს ანტიკრიზისული ღონისძიებების, რომელიც არ გულისხმობს 6 მილიარდის ლარის დახარჯვას. ყველა ამ ღონისძიების დაფინანსება შეიძლება შიდა და გარე ვალის მოძიების მეშვეობით. ჩვენი შეთავაზება ამ ეტაპისთვის არის, რომ 1 მილიარდი ლარი თავისუფლად შეიძლება გამოიძებნოს მიმდინარე ბიუჯეტის ფარგლებში იმისათვის, რომ მყისიერი დახმარება გაეწიოთ იმ ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ. ასევე გაჟღერდა საგარანტიო ფონდის შექმნის აუცილებლობა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რასაც ჩვენი მოდელი გულისხმობს, აუცილებელია იყოს 3 მილიარდი ლარის მოცულობის საგარანტიო ფონდის შექმნა“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


close დახურვა