განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო ექსკურსიებზე ახალ რეგულაციებს აამოქმედებს.
სამინისტროს ცნობით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ექსკურსია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთ დღეში, ღამისთევის გარეშე.
ამასთანავე, საექსკურსიო ლოკაციის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ აღემატებოდეს 150 კილომეტრს.
გარდა ამისა, სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, ექსკურსიის დროს არასრულწლოვანები არ უნდა მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ზონებში.
"ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს, სულ მცირე, ერთი ქმედითუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.
ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლეს წარმომადგენელი არ ახლავს ექსკურსიაზე.
მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ექსკურსიაზე ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გავლილი აქვს ტექდათვალიერება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სატრანსპორტო საშუალებებში უნდა იყოს განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა", - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.