20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის დედა მაგული გობეჯიშვილი აცხადებს, რომ მის ოჯახს ებრძვიან და სისტემატიურად უთვალთვალებენ. როგორც მან შვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ზეწოლა მის ოჯახზე წლებია გრძელდება.
„იმხელა ზეწოლის ქვეშ ვცხოვორობთ, წლებია ეს ზეწოლა ჩვენს ოჯახზე მიმდინარეობს. წინა ხელისუფლების დროს ორი პატიმარი მყავდა, დღეს სამივე შვილს ემუქრებიან. ორი შვილი ბრალდებული მყავს, მესამე ემიგრანტი, თურმე იმასაც ემუქრებიან. ეს აქამდე არ ვიცოდი, მეგონა ის გვიშველიდა და თურმე ის უარესი საფრთხის ქვეშ ყოფილა. ეს მომენტალური სისუსტეა, როცა მე ცრემლი გამოვაჩინე. ვაცხადებ, რომ მე ვტირი მხოლოდ მიცვალებულებს, ცოცხალი ადამიანებისთვის აღარ ვიტირებ. დავდგები მაგრად და ჩემი შვილების გვერდით ვიქნები. გაგვანადგურებენ, იყოს მაგალითი. თუნდაც შეეწიროს ჩემი სამივე შვილი, დაე მომავალმა თაობამ იცხოვროს. სამი კაცი გავზარდე და არ მეშინია არაფრის. დავდივარ და უკან დამყვება ვიღაც, სულ მითვალთვალებენ. რა მაქვს სათვალთვალო, სამი კაცი გავზარდე. ჩემი ქმარი ჩადეს მიწაში და შეეწირა ბრძოლას. უბრალოდ ამოჩემებული ოჯახი ვართ, სანამ ყველა ოჯახს ამოიჩემებენ, სანამ სათითაოდ კარზე მოგვადგებიან, ხალხო უშველეთ ქვეყანას," - აცხადებს გობეჯიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებული ბუდაღაშვილი პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს და როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, მას ნიკა მელიას, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.