სასაფლაოსთან სკვერი სოფელ ანაგაში სახელმწიფო ბიუჯეტს 20 ათასი ლარი დაუჯდა. რკინის ღობით შემოსაზღვრულ სკვერში 10 სკამი დგას, გამწვანება არაა და სავსეა ქვაღორღით.
ანაგის სკვერის სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებელ კომპანის სიღნაღის მთავრობამ ორი პირდაპირი შესყიდვა ერთსა და იმავე დღეს გაუფორმა. კომპანიას მანამდე მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება არ ჰქონდა.
ამ ხელშეკრულების მიხედვით, 20.000 ლარად შეაკეთეს ნუკრიანის სკვერიც. თუმცა, ანაგელების მსგავსად, ნუკრიანელებიც იმედგაცურებულნი არიან.
სიღნაღის ტენდერებს, როგორც ეს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ხდება, მხოლოდ ერთი კაცი ან მასთან კავშირში მყოფი ადამიანები იგებენ. სიღნაღის შემთხვევაში ეს ერთი კაცი - საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე ივანე მირიანაშვილია.
ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტმა“ გაარკვია, რომ კახეთის ამ მუნიციპალიტეტში გამოცხადებული და მოგებული ტენდერების 60% პროცენტზე მეტი სწორედ ივანე მირიანაშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს აქვთ მოგებული.