თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი, პოლიტიკური სიტუაციის დესტრუქციულ რელსებზე გადაყვანაა, რადგან არც ერთი საარჩევნო სისტემის პირობებში, მათ არჩევნებზე გამარჯვება არ შეუძლიათ.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2024 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო და მთავარ ინიციატორად და აქტორად, სწორედ "ქართული ოცნება" დარჩება.
„ოპოზიციის რეალური მიზანი პოლიტიკური სიტუაციის დესტრუქციულ რელსებზე გადაყვანაა, შეგახსენებთ, რომ ეს პოლიტიკური ძალა წლების განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მართავდა ქვეყანას და შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა ერთხელაც არ უფიქრია. 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმა ისე განხორციელდა, რომ მსგავსი ცვლილება არც განუხილავთ. მოგვიანებით 2012-2016 წლებში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი დავით უსუფაშვილი, რომელსაც თითი თითზე არ დაუკარებია საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად. 2017 წელს კი სწორედ ამავე პოლიტიკური ძალების ბოიკოტის ფონზე მოახერხა ქართულმა ოცნებამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, წარმატებული საკონსტიტუციო რეფორმა განეხორციელებინა და 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა შემოიღო. ეს იყო ის მაქსიმუმი, შიდაპარტიული კონსესუსი, რომლის მიღწევაც საკითხისადმი, მაჟორიტარების უდიდესი ნაწილის პროტესტის ფონზე დიდი ძალისხმევის შედეგად იქნა მიღწეული. მაშინდელ ოპოზიციას, რომელიც დღეს ბარიკადებზე დგას, საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ ცვლილებისთვის, ანუ პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლაზე მხარი რომ დაეჭირა, ეს გადაწყვეტილება უკვე ასახული იქნებოდა კონსტიტუციაში. შესაბამისად სურთ, ეს ოპონენტებს თუ არა სწორედ ქართული ოცნება ჩაიწერება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთადერთ ინიციატორად და ავტორად. ყველა საარჩევნო სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, 2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, ისე როგორც ტარდებოდა აქამდე არჩევნებს იგებს საზოგადოებრივი ნდობა და არა საარჩევნო სისტემა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენ სწორედ ამ საარჩევნო სისტემის პირობებში შევცვალეთ რეჟიმი. ნაციონალურ მოძრაობას არცერთი საარჩევნო სისტემის პირობებში გამარჯვების შანსი არ აქვს. დესტრუქციის შემოტანით ცდილობენ, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული. ხალხის მობილიზების რესურსის არქონის ფონზე, რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა, იაფფასიანი პერფონმანსებით, ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში არეულობის შემოტანას. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მომთმენნი, მაგრამ მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, დესტრუქციის მცდელობის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება. ამ პროცესში განსაკუთრებით დასაფასებელია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია. არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას. ამიტომ მოვუწოდებთ ოპონენტებს არჩევნებისთვის მოემზადონ და ხალხის მხარდაჭერის არქონას, სისტემებს ნუ დააბრალებენ“, - განაცხადა კალაძემ.