logo
ENG



ქვეყანაში მომუშავე ავტორიტეტული NGO-ები უგულავას დაკავებას პოლიტიკური დევნის გაგრძელებად აფასებენ

11 თებ 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში მომუშავე ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, გიგი უგულავას დაკავებით ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების დევნა გააგრძელა.

უფლებადამცველები ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელოვან დარღვევებზე მიუთითებენ.

შალვა თადუმაძის მონაწილეობით გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯა ეჭვებს უჩენს სახალხო დამცველსაც. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ თუ საქმის შემდგომი განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება, მას დიდი მნიშვნელობა ექნება არა მხოლოდ კონკრეტულად გიგი უგულავასთვის, არამედ მთლიანად, ქართული მართლმსაჯულებისთვის. 

12 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, გიგი უგულავას დაკავება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დავალება იყო, რომელიც მოსამართლე შალვა თადუმაძემ შეასრულა. განცხადებაში, რომელიც დღის ბოლოს გავრცელდა, ნათქვამია, რომ თადუმაძე საქმის ქვედა ინსტანციებში განხილვის დროს პროკურორი იყო, მან გაასაჩივრა საქმე უზენაესში და შემდეგ უკვე მოსამართლის მანტიით, 1 წლისა და 2 თვის დაგვიანებით, გიგი უგულავა 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. 

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ამ პოლიტიკური მოლაპარაკებები ხელისუფლების ინიციატივით ჩაიშალა, როდესაც  ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის წინ, ევროპული საქართველოს ლიდერი 3 წლით საპატიმროში გაუშვა. 

შეგახსენებთ, გიგი უგულავას ციხეში მესამედ გაშვების გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს 3 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ მიიღო, მათგან 2 - მერაბ გაბიტაშვილი და შალვა თადუმაძე პარლამენტმა საკასაციო სასამართლოში 1 თვის წინ უვადოდ გაამწესა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ თადუმაძეც და გაბიტაშვილიც ე.წ. კლანთან და ხელისუფლებასთან დაახლოებული მოსამართლეები არიან.


close დახურვა