logo
ENG



20 ივნისის აქციაში მონაწილე მოქალაქეები დაზარალებულის სტატუსს ელიან

23 ოქტ 201920:21
3 წუთის საკითხავი
 
vdsgxv1epibiuht.jpg

დაზარალებულად ამ დრომდე პროკურატურამ არ ცნო ისინი, ვისაც სამართალდამცველები დამიზნებით ესროდნენ და ვინც აქციის სისხლიანი დარბევის შემდეგ თვალი დაკარგა. ხელისუფლების შერჩევითი სამართალის დამატებით მტკიცებულებად მიიჩნევენ უფლებადამცველები იმ ფაქტს, რომ დარბევაში მონაწილე სამართალდამცველების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. 

„ამის ჩამდენი გახარია არის არა თუ გათავისუფლებული, არამედ დაწინაურებული. ათეულობით სამართალდამცავია ცნობილი დაზარალებულად. სახელწმიფო ცდილობს, პოლიცია აჩვენოს მსხვერპლად,“ - ამბობს 20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილე ირაკლი პავლიაშვილი, რომელსაც 9 ტყვია მოხვდა.

„გავრილოვის ღამის“ შემდეგ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანიც დააპატიმრეს. პროკურატურა პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.  კადრებში ჩანს, რომ დაზარალებული თვითონ ხვადაგიანია, თუმცა მას 3 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა მაინც მიესაჯა. დაზარალებულის სტატუსი არც მას მიუღია. ხვადაგიანი ამბობს, რომ სახელმწიფო აჭანურებს გამოძიების პროცესს.

„მარტივია, რომ საკუთარ თავს არ გაასამართლებენ. თუ გადაწონის ის ხალხი, ვის მიმართაც სრულიად არასაჭირო და არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, გამოდის, რომ ეს ყოფილა სამართლებრივი დარღვევა, რომელსაც უნდა მოჰყვეს რეაგირება,“ -  ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

დაზარალებულის სტატუსს ითხოვს პატიმრობაში მყოფი ბესიკ თამლიანის დედაც. 

„გახარიას არ აწყობს, რომ ჩემს შვილს დაზარალებულის სტატუსი მისცეს. მას აწყობს, რომ სპეცრაზმელები იყვნენ დაზარალებულები და რით დაზარალდნენ, კბილებამდე იყვნენ შეიარაღებულები,“ - ამბობს რუსუდან თამლიანი.

პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს ადვოკატი ბექა ბასიალაია, რომელიც 20 ივნისის შემდეგ დაპატიმრებულთა ინტერესებს იცავს.

„პროკურატურა და შსს მოქმედებენ პოლიტიკური დღის წესრიგით და მხოლოდ იმათ აძლევენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ვინც, მათ ინტერსებშია,“ - ამბობს ბასილაია.

მთავარი პროკურატურა ამბობს, რომ 4 თვის შემდეგაც ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.

საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და  მხოლოდ 4 მოქალაქე ცნო, მაშინ როდესაც აქციაზე 200 ადამიანი დაშავდა.


close დახურვა