20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიასა და ზურაბ ბუდაღაშვილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს.
როგორც დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, შეთანხმებას თამლიანის გარდა ყველა დაკავებული გააფორმებს.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ადვოკატმა თვითაცილების მოთხოვნა დააყენა.
„ბუდაღაშვილმა, კუპრეიშვილმა და სოსელიამ უდაოდ ცნეს მტკიცებულებები და ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ-ერთ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან საპროცესო შეთანხმებაზე. შესაბამისად, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. მე დავაყენე შუამდგომლობა თვითაცილებაზე, ეს მოთხოვნა მოსამართლემ საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა“, - განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.
სხდომის შემდეგ კომენტარი ბრალდების მხარემაც გააკეთა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულების მხრიდან მტკიცებულებების უდაოდ ცნობა საპროცესო შეთანხმების საფუძველი გახდა.
„ბრალდების მხარის მტკიცებულებების უდაოდ ცნობა ნიშნავს, რომ ისინი აღიარებენ ბრალდებას, უდაოდ ხდიან ბრალდების მხარის მტკიცებულებების შინაარსს და აღნიშნული შეიძლება გახდეს შეთანხმების გაფორმების საფუძველი“, - განაცხადა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.
თამლიანის ოჯახი პროკურატურას მოტყუებასა და შანტაჟში ადანაშაულებს.
„იმათ უნდათ საპროცესოზე წასვლა, ყველას არ შეუძლია იმის ატანა, რაც ციხეში ხდება. ჩემი შვილი ცოტა უფრო ძლიერი გამოდგა. მე მითხრეს თქვენ რომ არ მიდიხართ საპროცესოზე ვერც იმათ გავუშვებთო, ეს უკვე შანტაჟის ტოლფასია“, - განაცხადა ბესი თამლიანის დედამ, რუსუდან თამლიანმა.
შეგახსნებთ, რომ გასული წლის 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ბესიკ თამლიანს და მასთან ერთად დაკავებულებს, გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.