20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების მშობლები, პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. ბესიკ თამლიანისა და ზურაბ ბუდაღაშვილის დედები, საკანონმდებლო ორგანოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავასთან ერთად მივიდნენ, თუმცა პარლამენტის დაცვამ მათ შიგნით შესვლის უფლება არ მისცა.
როგორც ზურაბ ბუდაღაშვილის დედა აცხადებს, მისი შვილი სამარტოო საკანში, არაადამიანურ პირობებში ჰყავთ დაკავებული და რადგან შორიდან ვერ მიაწვდინა პარლამენტის თავმჯდომარეს ხმა, სურს პირადად შეხვდეს.
„ჩემი ორი შვილი ბრალდებულია, მაქვს სათქმელი, მინდა ახლოდან ვუთხრა, შორიდან არ ესმით. ჩემი შვილი, რომელიც სამარტოო საკანში გამოკეტეს, რატომ რისთვის. გასაოცარი დემოკრატია გვაქვსო აცხადებენ. მოვედი იმისთვის, რომ თუ დამნაშავეა ჩემი შვილი, იჯდეს, მაგრამ ხომ უნდა ჰქონდეს პირობები. არაადამინურ პირობებში სამარტოო საკანში ჰყავთ გამოკეტილი, ამის სათქმელად მოვედი", - აცხადებს მაგული გობეჯიშვილი.
ბესიკ თამლიანის დედა კი ამბობს, რომ მის შვილზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა და დაზიანებები აქვს მიღებული.
„ჩემი შვილი უდანაშაულოდ ზის. არანაირი დანაშაული გარდა ქვეყნის სიყვარულისა, მას არ ცაუდენია. ბორკილდადებულს უმოწყალოდ ურტყამდნენ, დაზიანებები აქვს, მუხლზე, თვალზე. თავზე გემატომა ჰქონდა, ყურის ძირში სიმსივნური წარმონაქმნი გამოუვიდა, ოპერაცია გაუკეთეს და მაინტერესებს როგორ არის“, - აცხადებს რუსუდან თამლიანი.
დაკავებულების მონახულების უფლებას არ აძლევენ ოპოზიციის დეპუტატებს. მათ შესაბამისი მიმართვა გაგზავნეს პარლამენტში, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ დაკავებულებზე ზეწოლა ხორციელდება და სწორედ ამიტომ არ აძლევენ პოლიტიკოსებს მათი ნახვის უფლებას.
„ქალბატონები დგანან ყავრჯნით და ელოდებიან პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ გააკეთონ განცხადება. სამარცხვინოა, იმალება თალაკვაძე?! რა არის ამ ყველაფრის აზრი. აქ ვიქნებით სანამ თალაკვაძე არ მოვა და არ შევხვდებით. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მათზე ხორცილედება წამების ტოლფასი ზოწლა, სწორედ ამიტომ არ გვაძლევენ ნახვის უფლებას. უკვე სამი კვირაა არაერთმა დეპუტატმა მოვითხოვეთ შესვლა", - აცხადებს ბოკუჩავა.
პარლამენტის შესასვლელთან მიმდინარე ხმაურის ფონზე, ცნობილი ხდება, რომ დაკავებულების მშობლებს, პარლამენტის თავმჯდომარის ნაცვლად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე შეხვდება.