საქალაქო სასამართლოში დღეს 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართა. 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიასა და ზურაბ ბუდაღაშვილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს.
როგორც დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, შეთანხმებას თამლიანის გარდა ყველა დაკავებული გააფორმებს. ბუდაღაშვილის, სოსელიასა და კუპრეიშვილის ადვოკატის ზაქრო გვიაშიანის თქმით, ბრალდებისა და დაცვის მხარემ შეთანხმებას მიაღწიეს.
„შევთანხმდით მხარეები იმ მტკიცებულებებზე, რომელიც არის გამოსაკვლევი მტკიცებულებები. ესენია წერილობითი მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები და გამოსაკითხია რამდენიმე პირი“, - განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.
პროკურორის ვაჟა თოდუას განცხადებით, თამლიანის გარდა, სამმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.
„ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულებები ცნეს უდაოდ ბრალდებულებმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შინაარს ეთანხმებიან და აღიარებენ მათ მიერ წარდგენილ ბრალდებას. აღნიშნულის შემდეგ დააყენა დაცვის მხარემ შუამდგომლობა საქმის გამოყოფის თაობაზე, რადგან მათ მიმართ განხორციელდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. ბრალდების მხარე დაეთანხმა ამას და ცალკე გამოეყო ბუდაღაშვილი, კუპრეიშვილისა და სოსელიას საქმე. რც შეეხება ბესიკ თამლიანს, ის ბრალს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ გრძელდება გამოძიება“, - განაცხადა თოდუამ.
თამლიანის ადვოკატის ლევან იოსელიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ბრალს.
„20 ივნისს დაკავებული 20 პირიდან, მხოლოდ ბესიკ თამლიანი რჩება საპატიმროში. ის არ აღიარებს მის მიმართ წაყენებულ ბრალს. მე დღეს ჩავერთე ამ საქმეში. ის საკმაოდ მოცულობითია და მოვითხოვე საქმის გასაცნობად გარკვეული ვადა. მომეცა რვა დღე და მთავარია, რომ მისი გამართლებისთვის ბრძოლას ვაგრძელებ“, - განაცხადა იოსელიანმა.
თამლიანის მომდევნო სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 6 მარტს. დანარჩენი სამი პირი კი, სავარაუდოდ, საპყრობილეს უახლოეს დღეებში დატოვებენ. იმისთვის კი, რომ მათთან ოფიციალურად გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, ჩაინიშნება კიდევ ერთი სასამართლო პროცესი.
ბესიკ თამლიანს და მასთან ერთად დაკავებულებს გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც კანონის თანახმად 4-დან 6-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.