მკაცრი კარანტინის ზონების ჩამონათვალს დღეს ქობულეთიც დაემატა, სადაც ინფექციის გავრცელების მხრივ მძიმე ვითარებაა. მთავრობის გადაწყვეტილებით, იზოლაციაში მოექცა მუნიციპალიტეტის 4 სოფელი, სადაც კოვიდ-19 უკვე 20 ადამიანს დაუდასტურდა. ამის გამო მოქალაქეთა გადაადგილება სრულად შეიზღუდა. მათ სახლების დატოვება მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, საკვების შესაძენად და სამედიცინიო მომსახურების მისაღებად შეუძლიათ.
რეგულაციების აღსრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალები უზრუნველყოფს. სამხედროებმა საველე კარვების და საგუშაგოების განთავსება ტერიტორიაზე დილიდან დაიწყეს. მუნიციპალიტეტში სულ 9 საგუშაგო მოეწყო. ზემოხსენებულ 4 სოფელში - გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა, ამ დროისთვის 203 შესაძლო შემთხვევაა შესწავლილი. 187 ადამიანს ტესტირება უკვე ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. ადგილზე ეპიდემიოლეგები მუშაობას განაგრძობენ. ასევე მიმდინარეობს მოქალაქეების თერმოსკრინინგი.
მოსახლეობის დახმარებას მუნიციპალიტეტის მერი სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებით გეგმავს. მისი თქმით, კარანტინის ზონაში ხვალიდან ე.წ. მობილური ბაზრები იმუშავებს.
რაც შეეხება ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 20 ინფიცირებულს, ისინი მკურნალობის კურსს ბათუმსა და ქუთაისში გადიან. 2 მოქალაქე, დედა-შვილი კი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ქობულეთში ინფიცირებული და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის სრულ ჩაკეტვა ამ დროისთვის ხელისუფლება არ გეგმავს. ყველაფერი იმ ტესტების პასუხზეა დამოკიდებული, რომელიც ხვალ გახდება ცნობილი.