logo
ENG



სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია - პოლიტიკური პარტიები აჭარის ტელევიზიას მხარდაჭერას უცხადებენ

17 თებ 202015:07
3 წუთის საკითხავი
 
7mh1vgq156ai74s.jpg

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, 8 პოლიტიკური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვენ, მიმდინარე მოვლენებს დააკვირდნენ.

ისინი ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოსაც მიმართავენ და ჟურნალისტების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

„ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიაში განვითარებული  მოვლენები,  კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლება ცდილობს აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, რომელიც მიზნად ისახავს რამდენიმე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის გაუქმებასა და სამსახურიდან მათ უკანონო განთავისუფლებას.

მიუხედავად საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგობისა, ხელისუფლების ჩარევითა და ორგანიზებით მართული პროცესი გრძელდება, ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია.

აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხიმგებლობა ეკისრებათ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ქართული ოცნებიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორს.

მოვუწოდებთ: აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრებს გადადგმულ იქნას ნაბიჯები ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. დაცული იქნას თავისუფალი ჟურნალისტების უფლებები და შეიქმნას ყველა პირობა, მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.

ასევე თხოვნით მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს დააკვირდნენ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებსა და ქვეყანაში მედია თავისუფლებაზე ხელისუფლების მიერ დაწყებულ, მორიგ შეტევას", - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: „ახალი საქართველო" - ბექა დიასამიძე; „ევროპული საქართველო"- პეტრე ზამბახიძე; „რესპუბლიკური პარტია" - ირაკლი ჩავლეიშვილი; „ემსახურე საქართველოს" - მურმან დუმბაძე; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ელგუჯა ბაგრატიონი; „ ლელო საქართველოსთვის" - გენო თებიძე; „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა" - გენრი დოლიძე; „პარტია გირჩი" - გიორგი ფუტკარაძე.

 


close დახურვა