არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავენ. ისინი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და საზოგადოების განწყობებზე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწვდიან.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი საარჩევნო სისტემის შემუშავებისთვის დრო კიდევ არის და მთავარი მხოლოდ პოლიტიკური ნების არსებობაა. სწორედ ამიტომ, ისინი მოუწოდებენ ევროპელ პარტნიორებს, მათ ხელთ არსებული საშუალებები გამოიყენონ და ქართულ საზოგადოებას საკუთარი ნების გამოხატვაში დაეხმარონ.
„მგონია, რომ მართლმსაჯულების მიმართულებით სასამართლო ყველაზე მნიშვნელოვანია ასოცირების დღის წესრიგითაც და სახელმწიფოს ნაკისრი აქვს უამრავი ვალდებულება. მათ შორის სწორედ ის, რომ გამჭვირვალე და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა უნდა შეექმნა „ქართულ ოცნებას“. სამწუხაროდ, ყველაზე დიდი ჩავარდნა გვაქვს ამ მოთხოვნის შესრულებაში, რაც ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც ყველამ ვიხილეთ, თუ როგორ შეირჩა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კოორდინატორმა საქართველოში, სოფო ასათიანმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი ონიანის თქმით, ევროპარლამენტში სრულად არიან ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში.
„ძალიან საყურადღებო იყო და განსაკუთრებით მოულოდნელი, როდესაც ამ საკითხს განიხილავენ ისეთი ოფიციალური პირები, რომ შესაძლოა, ქართულ სახელმწიფოს და ქვეყანას რაღაც დაუწესდეს. ყველა ხედავს იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში ხდება. ხედავენ იმაზე უფრო დიდი სიმძაფრით, ვიდრე ჩვენ გვგონია. გაკვირვებული ვიყავით მათი ინფორმირებულობის დონით, თუ რა ხდება საქართველოში“, - გიორგი ონიანმა.
არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ. ის ამბობს, რომ თუ არჩევნები სამართლიანად არ ჩატარდება, შესაძლოა, ქვეყანა მნიშვნელოვნად დაზარალდეს.
„იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის არჩევნების გზით ვერ დავამტკიცებთ, რომ დემოკრატიული განვითარება საქართველოს არჩევანია, თუ დემოკრატიის, სამართლიანობის ხარისხს სერიოზული კითხვის ნიშნები მიადგა, მაშინ უკვე რა თქმა უნდა, შეიძლება ჩაირთოს განსხვავებული რეჟიმი“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.