
შეფასებები მერაბიშვილის განცხადებაზე
ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ მინისტრობას არ აპირებს, მაგრამ ხელისუფლების ცვლილების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული, ოპოზიციაში უკვე გამოეხმაურნენ. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, პრემიერები მინისტრებად აღარ ბრუნდებიან და მისი ეს განცხადება ნორმალურია. ყოფილ პრემიერს უკვე შეხვდნენ მისი მეგობრები, თუმცა მათი განცხადებით, პოლიტიკურ თემებზე საუბარი არ ჰქონიათ.
მერაბიშვილის გეგმები
ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რომელ პოლიტიკურ ძალას შევუერთდები - ეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა "მთავარი არხის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, მიუღებელია ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნდეს და ის საკუთარ თავს აქტიურ პოლიტიკაში რიგით ჯარისკაცად მოიაზრებს. ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე გუშინ დილით დატოვა, სადაც მან სამარტოვო საკანში 6 წელი და 9 თვე გაატარა.
ოპოზიციის შეკრება
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ლეიბორისტული პარტიის ოფისში დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. ამჯერად შეხვედრის მთავარი თემა 4 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქცია იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა დღევანდელ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილიც მივიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა მხოლოდ გაერთიანებების ლიდერების მონაწილეობას გულისხმობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ყოფილი პრეზიდენტის მოლაპარაკების პროცესში ჩართვას მიესალმებიან. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, პარტიის ლიდერების აზრები განსხვავებულია. გაერთიანების ნაწილი მასთან თანამშრომლობას გამორიცხავს, ნაწილი კი მერაბიშვილის განცხადებებს ელოდება.
პენტაგონის განცხადება რუსულ კიბერშეტევაზე
ჩვენ საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ. განცხადება „ამერიკის ხმის" ქართულ ბიუროსთან პენტაგონის წარმომადგენელმა გააკეთა. ვიცე-პოლკოვნიკი კარლა გლისონი რუსეთს ქვეყანაში მავნე ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. პენტაგონის განცხადებით, 2019 წლის ოქტომბერში რუსეთის გენშტაბის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმა განახორციელა, რამაც სამთავრობო და სამაუწებლო სისტემების მუშაობა შეაფერხა.
„ეს თავდასხმა კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ უთხრის ძირს რუსეთის მავნე ქმედებები გამჭვირვალობას და სტაბილურობას, ასუსტებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და არღვევს მეზობლების სუვერენიტეტს. შეერთებული შტატების პოზიცია მკაფიო რჩება: ჩვენ დავიცავთ ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების ძირითად ინტერესებს და რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობას დავაკისრებთ დესტაბილიზაციის გამომწვევი ამ საქმიანობისთვის," ვკითხულობთ განცხადებაში.
მოსკოვის პასუხი კიბერშეტევაზე
საქართველოზე კიბერთავდასხმის ბრალდებას უსაფუძვლოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქართულ ვებგვერდებზე, სერვერებსა და ოპერაციულ სისტემებზე რუსეთის ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დადგმულია.
რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ყურადღებას იქცევს თბილისისა და დასავლეთის მიერ მოწყობილი პროპაგანდისტული აქციის სინქრონულობა, ასევე ის გარემოება, რომ ორი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების მიუხედავად გარკვეულ ძალებს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება არ აწყობთ.
„სამწუხაროა, რომ თავად საქართველოში არ სურთ უარი თქვან რუსეთის დემონიზაციის ხაზზე, გასული წლის კრიზისიდან გაკვეთილი გამოიტანონ. ყველაფერი ეს დამატებით ჩრდილს ფენს ორმხრივ ურთიერთობას, რომელიც ისედაც მარტივი არ არის. კვლავ დარწმუნებულები ვართ, რომ არსებული უთანხმოების გადალახვა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება პასუხობს რუსი და ქართველი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს. გვესმის, რომ არიან ძალები, რომლებსაც ეს საერთოდ არ აწყობთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
კრის სოჩას შეხვედრა სამოქალაქო აქტივისტებთან
ოპოზიციონერი ლიდერების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა. კრის სოჩა „სირცხვილიას", „გაბედესა" და „შეცვალეს" წევრებს ესაუბრა.
20 ივნისის ღამის პატიმრები, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება - სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა სენატის წარმომადგენელს საქართველოში არსებული მწვავე პრობლემები გააცნეს. აქტივისტების განცხადებით, კრის სოჩა მხარს უჭერს ახალგაზრდულ, მშვიდობიან პროტესტს და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას მხარს უჭერს.
საქართველოს ახალი ელჩები
„ფორმულას" ინფორმაცია დადასტურდა - გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად სოფიო ქაცარავა, გერმანიაში ლევან იზორია, საბერძნეთში კი დავით დონდუა დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ჯერ კიდევ დეკემბერში „ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება იმ ელჩებს, რომლებმაც ქართული ოცნების დავალება ვერ შეასრულეს და დასავლელ პარტნიორებს ივანიშვილის გზავნილი ვერ გააცნეს, ათავისუფლებდა. ქაცარავა აქამდე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
ლევან იზორია 2016-2019 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას, ხოლო 2019-ის მიწურულს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა. რაც შეეხება დონდუას, ის 2015-18 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
ოპოზიციის მეოთხე შეხვედრას სამოქალაქო მოძრაობა უმასპინძლებს
სამოქალაქო მოძრაობის ოფისში ოპოზიციის მეოთხე საჯარო შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციური პარტიის წევრებმა მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ისაუბრეს.
საჯარო შეხვედრების ციკლი, რომელიც გირჩის ორგანიზებით დაიწყო და ახლა უკვე სხვა გაერთიანებების ოფისებში გრძელდება, ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს გაიმართება. შეხვედრების მიზანი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ საერთო შეთანხმების მიღწევაა.
კორეელ კაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა
კორეიდან ჩამოსულ მამაკაცს, რომელიც ინფექციურ საავამდყოფოში, ბოქსირებულ პალატაში იმყოფებოდა, კორონავირუსი არ დაუდგინდა. ინფექციური საავდმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 55 წლის კაცი ტემპერატურის მატების გამო ხაშურის საავადმყოფოში მივიდა, საიდანაც თბილისში გადმოიყვანეს. კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტს ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია აქვს და მკურნალობას სახლში განაგრძობს.
ხანძარი სოფელ გლდანში
ხანძარი იყო გვიან ღამით სოფელ გლდანში. გორგასლის ქუჩაზე ცეცხლი სოციალურად დაუცველი ოჯახის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ხანძარი სავარაუდოდ შეშის ღუმელმა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მეზობლების თქმით, სახლი სოციალურად დაუცველ ოჯახს ეკუთვნოდა და ის ფონდმა „იავნანამ" რამოდენიმე წლის წინ გადასცა. დაზარალებულები მერიამ დროებით სასტუმროში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო- სამაშველო ბრიგადა, ტერიტორიაზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც. გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ტრამპის ყოფილ მრჩეველს პატიმრობა შეეფარდა
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს სასამართლომ პატიმრობა სამი წლითა და ოთხი თვის ვადით შეუფარდა. 67 წლის როჯერ სთოუნი დამნაშავედ შვიდი მუხლით სცნეს, მათ შორის კონგრესისთვის ტყუილის თქმა, დამაბრკოლებელი გარემოების შექმნა და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენაა. სთოუნი პრეზიდენტ ტრამპის მეექვსე მრჩეველია, რომელიც რობერტ მალერის საქმის გამოძიების ფარგლებში სასამართლომ დამნაშავედ სცნო. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის წინააღმდეგ პროკურორები 7-დან 9 წლამდე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ. სთოუნი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
სარკინიგზო კატასტროფა ავსტრალიაში
სარკინიგზო ავარიას ავსტრალიაში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. პოლიციის განმარტებით, სიდნეიდან მელბურნის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი რელსებიდან მოულოდნელად გადავიდა, რასაც მემანქანეების სიცოცხლე შეეწირა. ინციდენტის დროს მატარებელში 153 მგზავრი იმყოფებოდა. უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
„მსუქანი ხუთშაბათის" გამარჯვებული
წელიწადში ერთხელ პოლონელები კალორიების შესახებ ივიწყებენ და ერთმანეთს დონატების ჭამაში ეჯიბრებიან. ფესტივალის მონაწილეებს ევალებათ კონკრეტულ დროში რაც შეიძლება მეტი საკონდიტრო ნაწარმი შეჭამონ. წლევანდელი ღონისძიების ლიდერი, ორგზის გამარჯვებული მარიუშ პიოტროვსკი გახდა. მან ხუთ წუთში 8 დონატი შეჭამა. „მსუქანი ხუთშაბათის" სახელით ცნობილ ფესტივალს კრაკოვმა უმასპინძლა.