ამერიკელი ანალიტიკოსი რიჩარდ ვეითსი საქართველოში რუსეთის დაზვერვის მიერ გამხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმაურება. სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებზე მომუშავე ექსპერტი "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ კიბერშეტევა რუსეთისთვის დაზვერვის მონაცემების შეგროვების მეთოდსაც წარმოადგენს.
ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსის აზრით, ამ შემთხვევაში რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიზანი იყო არა იმდენად ზიანის მიყენება, რამდენადაც იმის შეხსენება, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაუცველია.
"პოტენციურად ეს ძალიან სახიფათოა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ეს იყო ტიპიური რუსული ძალადობა, რითიც შეახსენა საქართველოს, რომ ის დაუცველია რუსეთის ზეწოლის წინააღმდეგ, რომ არ უნდა მიუახლოვდეს ნატოს და რომ რუსეთი ძლიერი მოთამაშეა და მას უნდა ემორჩილებოდეს. ეს ნაკლებად იყო გამიზნული ზიანის მიყენებისთვის. ამით უფრო შეახსენეს ქართველებს რომ დაუცველები არიან ისე როგორც 2008 წელს, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ კიბერთავდასხმები განახორციელა ინტენსიური სამხედრო ოპერაციის პარალელურად. ისინი ყოველთვის ცდილობენ სადაზვერვო მონაცემები მოიპოვონ საქართველოსა და სხვა ქვეყნების შესახებ. ყოველთვის ცდილობენ ასევე დაგვანახონ, თუ როგორი დაუცველები ვართ მათი კიბერსაფრთხეების მიმართ. მათ სურთ დარწმუნებული იყვნენ, რომ ქართველებს ესმით, რას ჩაიდენს რუსეთი ნატო-ს შემთხვევაშიც. ვფიქრობ, ამ თავდასხმის უკან ყველა ეს ფაქტორია", - აღნიშნა უეითსმა.
"ფორმულასთან" ინტერვიუში რიჩარდ უეითსი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამდენად ძლიერი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია და განცხადებების ტონი საქართველოში რუსეთის კიბერთავდასხმის საქმეზე. ის ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის და ბრიტანეთის განცხადებებს კიდევ უფრო მეტი ძალა მისცა რუსეთის საქციელის დაგმობამ, დასავლეთის სხვა დედაქალაქებში.
"საინტერესო იყო, რომ ეს განცხადება ბრიტანეთის და ევროპელების სხვა განცხადებებთან ერთად გაკეთდა. ერთიან განცხადებებს უფრო მეტი ძალა ჰქონდა. საინტერესო იყო ფორმულირებაც. ამით ითქვა, რომ რუსეთი იჩემებს, იყოს ანგარიშვალდებული მოთამაშე, ის გაეროში კიბერთანამშრომლობის წინადადებებით გამოდის და შეხედეთ ამ დროს რას აკეთებს. მაიკ პომპეომ ჩემს კოლეგას უთხრა, რომ მისი ერთ-ერთი მიზანი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა იყო. ამ ყველაფერმა კი შეიძლება შეაფერხოს. მისთვის რთული იქნება რუსეთთან თანამშრომლობა, როდესაც ის ასე ექცევა ბელორუსს, საქართველოს და სხვა ქვეყნებს", - განაცხადა ანალიტიკოსმა.
უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოსი ამბობს, რომ მხოლოდ განცხადებებით, სიტყვებით და დაგმობით რუსეთის შეჩერება ძალიან რთული იქნება და საქართველომ კიბერთავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გააძლიეროს.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის შეერთებული შტატები საქართველოს კიბერუსაფრთხოების საკითხში ეხმარება, თუმცა როგორც სახელმწიფო მდივნის განცხადებიდან გახდა ცნობილი, ვაშინგტონი ამ მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ. რაც შეეხება რუსეთს, ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.