ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს ოპოზიციის ლიდერები ეხმაურებიან. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რეგლამენტის დამრღვევი და საკანონმდებლო ორგანოს მიმართ უპატივცემულობის გამომხატველი მინისტრები თანამდებობებს არ უნდა იკავებდნენ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავარი არა მინისტრების იმპიჩმენტი, არამედ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა.
„გაცვეთილი გამოთქმაა, მინისტრის გამოცვლას კაბელი გამოგეცვალათო. კაბელი ამ შემთხვევაში ივანიშვილია. ცალკეულების გამოცვლა ზოგ შემთხვევაში სწორი იქნებოდა და უნდა მივცეთ რეაქცია და სხვა ვითარებაში დავუჭერდი მხარს. თუმცა, „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა არჩევნების გზით ხელისუფლებიდან ივანიშვილის ჩამოშორება. შემდეგ იმ თამაშის წესების დამკვიდრება, რომ არც ერტი მომავალი მთავრობა უტიფრად არ უნდა იქცეოდეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მინისტრებისთვის იმპიჩმენტის პროცესის მხარდაჭერას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“.
„თუ დაიწყება იმპიჩმენტის პროცესი, მხარს დავუჭერთ. მინისტრებმა უხეშად დაარღვიეს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა და ეს რეაგირების გარეშე არ უნდა რჩებოდეს“, - აცხადებს პარტიის წევრი სალომე სამადაშვილი.
ვანო მაჭავარიანისა და ეკატერინე ტიკარაძის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერების შეგროვება პარლამენტში უკვე დაიწყო. მინისტრების გადაყენებისთვის საჭირო პროცედურის ინიცირებას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება.
შეგახსენებთ, ვანო მაჭავარიანი საკომიტეტო მოსმენაზე ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დაიბარეს, თუმცა მან დილით კომიტეტის თავმჯდომარეს შეატყობინა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისვლას არ აპირებდა. დღის წესრიგით, მინისტრს შემდეგ საკითხებზე უნდა ესაუბრა: 1. კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები; 2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ. ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია. 3. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.