logo
ENG



მარშალის ფონდი:საქართველოს რეპუტაცია დაზიანდება, თუ ოცნება საერთაშორისო თანამეგობრობის რჩევებს არ გაითვალისწინებს

26 თებ 202011:46
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს რეპუტაცია დაზიანდება, თუკი მმართველი ძალა, საერთაშორისო თანამეგობრობის რჩევებს არ გაითვალისწინებს, - აცხადებენ „მარშალის ფონდში“, სადაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ვიდეოხიდით დისკუსია გაიმართა. საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობა, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და პრობლემები მედიაში - სწორედ ეს საკითხები იყო განხილვის მთავარი თემა. ამერიკული მხარე ხელისუფლებისგან გაცებული პირობის შესრულებას ითხოვს. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, რონდელის ფონდის პრეზიდენტი და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი უხსნიდნენ ამერიკულ მხარეს, რომ შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი პროპორციული საარჩევნო სისტემაა, რომლის შესახებაც ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას და დასავლელ მეგობრებს დაპირება მისცა, თუმცა ეს პირობა არ შეასრულა.  

როგორც "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" რუსეთის და ევრაზიის განყოფილების დირექტორმა მირიამ ლანსკოიმ განაცხადა, საქართველოს დემოკრატიული გზის განვითარებისთვის პროპორციული არჩევნებია საჭირო.

„სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ნათლად დაგვანახეს მთავარი საკითხი: საქართველოში აქვთ განცდა, რომ ერთი პარტიის დომინირების მიღმა, რასაც 25 წელია ვუყურებთ და რომელიც მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებასთან სტრუქტურულად არის დაკავშირებული, საქართველოს განვითარების შესაძლებლობისთვის პროპორციული არჩევნებია საჭირო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი აზრის კვლევებში, სადაც ვხედავთ, რომ ქართველი ელექტორატის ნახევარი პარტიასთან არ არის დაკავშირებული. პროპორციული სისტემა იქნება კონკურენტუნარიანი მეტი პატარა პარტიისთვის და პოლიტიკაში უფრო მეტ ადამიანის მოსვლას წაახალისებს“, - განაცხადა ლანსკოიმ.  

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ისაუბრეს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მოსამართლეების დანიშვნაზე, პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და თბილისის ყოფილი მერის - გიგი უგულავას დაპატიმრებაზე. შეეხნენ მედიის გაკონტროლების პრობლემას. 

„მარშალის ფონდის“ ანალიტიკოსი ჯონათან ქათზი კი აცხადებს, რომ დასავლეთს სურს საქართველოს წარმატება, მაგრამ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით არის მზარდი წუხილი.

„ვფიქრობ, რეპუტაცია უდაოდ დაზიანდება. მე ვეთანხმები „ქართულ ოცნებას“, როდესაც ამბობს, რომ სამართლიანი მოთხოვნები ისმის საქართველოს მხარდამჭერებისგან. თუ მათ ეს ესმით, იმასაც გაიგებენ, რომ დასავლეთს, შეერთებულ შტატებს, როგორც მეგობარს და სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოსთვის კარგი უნდა და სურს მისი წინსვლა დემოკრატიული რეფორმების და სასამართლოს რეფორმის გზაზე. რაც შეერთებულ შტატებში პარტნიორებს სურთ დაინახონ, არის ის, რომ ეს მთავრობა ასრულებს საარჩევნო რეფორმის შესახებ მიცემულ დაპირებას და უზრუნველყოფს, რომ ეს იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები.

"დღევანდელი გადმოსახედიდან, არც ერთი საზომით არ ჩანს, რომ ეს ასეა. დასავლეთს სურს საქართველოს წარმატება, მაგრამ არის მზარდი წუხილი. არსებობს შესაძლეობლობა და ძალისხმევა, რომელსაც თბილიში ელჩები და სხვა დიპლომატები სწევენ ამ ჩიხიდან გამოსასვლელად. ბევრი საფრთხე შეიძლება იყოს ევროატლანტიკურ გზაზე, რომელიც კარს უხსნის კრემლის ჩარევას“, - განაცხადა ქათზიმ.

ჯონათან ქათზის თქმით, როგორც „ქართული ოცნებისგან“ ისმენენ, მთავრობას სურს და აგრძელებს რეფორმებს. მარშალის ფონდის ანალიტიკოსი ამბობს, რომ მათი სიტყვები საქმით უნდა დადასტურდეს. 


close დახურვა