დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერის გარდა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოიხსნება.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
„დღეს, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 21 აგვისტოდან გაიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა. აღნიშნულ ორ სოფელშიც გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე ეცნობება მოსახლეობას“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები 10 აგვისტოს დაწესდა.