logo
ENG



21 ნოემბერი ტელევიზიის მსოფლიო დღეა - „ფორმულას“ რეპორტაჟი ამერიკიდან

21 ნოე 201920:48
3 წუთის საკითხავი
 
tabmhvkqyei3ist.jpg

21 ნოემბერი ტელევიზიის მსოფლიო დღეა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მისი დაარსებიდან 23 წლის შემდეგ, ტელევიზიის წინაშე მდგარი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები ნიუ-იორკში მსოფლიოს წამყვანი მედია ორგანიზაციების მენეჯერებმა განიხილეს. ევროპული ტელევიზიებისა და რადიოსადგურების გაყიდვების სახლების ინტერესთა დამცველი ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ერთადერთმა ქართულმა მედიამ, - პრესტიჟულ საერთაშორისო ფორუმს ტელეკომპანია „ფორმულა“ დაესწრო. 

ზუსტად 23 წლის წინ, ნიუ-ირკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 ნოემბერი მსოფლიო ტელევიზიის დღედ დააწესა. საერთაშორისო თანამეგობრობის ამ გადაწყვეტილებამდე, სატელევიზიო მაუწყებლობა უკვე ათეულობით წლის ისტორიას ითვლიდა. გაერო-ს გადაწყვეტილების წინაპირობა, ნიუ-იორკში მსოფლიო ტელევიზიის პირველი ფორუმის ჩატარება იყო, რომელზეც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ტელევიზიის შესაძლებლობებს განიხილავდნენ, თუ რა გავლენა და რა როლი აქვს მას გადაწყვეტილებების მიღებაში. გაერო-ში გამართულ დებატებზე სამაუწყებლო კორპორაციები და ჟურნალისტები მსჯელობდნენ, თუ როგორ უნდა შეხვედროდა ტელევიზია გამოწვევებს 21-ე საუკუნეში, რომელიც ახლოვდებოდა. ამ შეხვედრის შემდეგ 21 ნოემბერი ტელევიზიის დღედ დაწესდა. ახალ საუკუნეში საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა ისევ იმ გამოწვევას უმკლავდება, რომელიც უკვე არაერთი ქვეყნის პრობლემა გახდა - დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ყალბი ახალი ამბები. მასთან დაპირისპირების მძლავრ საშუალებად კი, სპეციალისტები ტელევიზიის როლს და სამართლიანი ჟურნალისტიკის ღირებულებას აღიარებენ.  

„კანალ პლიუსის" ვიცე-პრეზიდენტი ფაბრის მოლიერი აცხადებს, რომ ტელევიზიას სასიკეთო როლი აქვს, რომელიც საზოგადოებას სწორ ინფორმაციას მიაწვდის. მოლიერი ევროპული ტელევიზიების და რადიოსადგურების გაყიდვების სახლების ინტერესთა დამცველი ასოციაცია "ეგტას" მიერ ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც ამერიკული და ევროპული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებდა. 

„ვფიქრობ, ტელევიზიის ძლიერი მხარე ის არის, რომ საერთო და ოფიციალურია. მას აქვს ლიცენზირება და მარეგულირებელთა შემოწმება. დღევანდელ სამყაროში, როდესაც ინფორმაციას ყველა სწრაფად იღებს და ძალიან ფრანგმენტირებულია, ტელევიზიას აქვს სასიკეთო როლი, რომელიც საზოგადოებას სწორ ინფორმაციას მიაწვდის," - განაცხადა მოლიერმა.

"ეგტას" შეხვედრას  ესწრებოდა ქართული მხარეც, რომელსაც ტელეკომპანია „ფორმულა“ წარმოადგენდა.  ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე აცხადებს, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება ხარისხიანი და სანდო ინფორმაციის მიწოდებაა. 

„დეზინფორმაციასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება ხარისხიანი და სანდო ინფორმაციის მიწოდებაა და ინფორმაციის მუდმივი კონტროლია," - განაცხადა გუმბარიძემ. 

ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, კომკასტის წარმომადგენელი ამბობს, რომ დღეს ყალბი ახალი ამბების საფრთხე ციფრული ქსელებიდან მოდის და ნაკლებად ტელევიზიიდან. "ეგტას"  ხელმძღვანელობა კი მიიჩნევს, რომ ყალბ ახალ ამბებთან დასაპირისპირებლად, საუკეთესო საშუალება ნამდვილი ჟურნალისტიკაა.  

საზოგადოების შეცდომაში შემყვან და პროპაგანდის გავრცელებასთან დასაპირისპირებელ ერთ-ერთ საშუალებად შეერთებულ შტატებს უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტი, ეგრეთწოდებული "ფარა" აქვს, რომლის ფარგლებშიც 2 წლის წინ ამერიკის მთავრობამ "რაშა თუდეის"  უცხოელ აგენტად დარეგისტრირება მოსთხოვა და კრემლის მიერ დაფინანსებული საშუალება იძულებული გახდა ეს მოთხოვნა შეესრულებინა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ RT-ს ამერიკის ტერიტორიაზე მაუწყებლობა ეზღუდება. უბრალოდ ის ვალდებულია, აქტის მოთხოვნის საფუძველზე, ფინანსური ინფორმაცია გაასაჯაროვოს. ამერიკელმა მაყურებელმა კი უნდა იცოდეს, რომ ინფორმაცია, რომელსაც ის იღებს, რუსული პროპაგანდაა, რომელიც კრემლიდან ფინანსდება.

   


close დახურვა