logo
ENG



გავაგრძელებთ მუშაობას ივანიშვილის დასამარცხებლად - ოპოზიციას ხელისუფლებასთან შეთანხმების იმედი არ აქვს

29 თებ 202020:19
3 წუთის საკითხავი
 

მოახერხებენ თუ არა შეთანხმებას კომპრომისულ საარჩევნო მოდელზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი, ჯერჯერობით უცნობია. საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად დრო სულ უფრო მცირდება.

ორივე მხარე დიპლომატებთან ერთად შეხვედრას, სავარაუდოდ, ხვალ კიდევ გამართავს. ოპოზიცია პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულ საარჩევნო სისტემას ითხოვს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული მოლოდინი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით არ აქვთ. "ევროპული საქართველოს"' წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა გონიერება უნდა გამოიჩინოს და კომპრომისზე წამოვიდეს. 

"აქამდე რაც იყო გაჟღერებული მათ მიერ, არც ერთი არ პასუხობს პროპორციულის მოთხოვნებს. პოლიტიკური დევნის დასრულება და არსებითად პროპორციული სისტემა, რომლის კარგი გამოვლინებაა 130/20-ზე. ეს არის ის მოდელი, რომელზეც შესაძლებელია შეთანხმება. ვნახოთ, ამაზე როგორ წამოვლენ და რამდენად ეყოფა გონივრულობა ივანიშვილს, რომ ეს კომპრომისი იქნას მიღებული მათი მხრიდან. თუ ეს არ იქნება, მაშინ ჩვენ ვაგრძელებთ მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმებას ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომ არსებული სისტემით დავამარცხოთ ივანიშვილი“, - აღნიშნა კაპანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების შემოთავაზებაში არსებობს ხარვეზები, რომლებსაც მმართველი გუნდი სათავისოდ გამოიყენებს. 

"მათ შემოთავაზებაში არის სამართლებრივი ხვრელები, რომლის დახურვაც საკანონმდებლო მეთოდებით შეიძლება, თუმცა თეორიული შანსი მისი ბოროტად გამოყენების შეიძლება. არ არის ალოგიკური, რომ ოპოზიციას ეჭვი რჩება, რომ ამ ხვრელებს ბოროტად გამოიყენებენ. მით უმეტეს, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო ხელისუფლების ნდობა არ არსებობს“, - ამბობს ბოკუჩავა.

მოლაპარაკებებს სკეპტიკურად უყურებს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძეც. ვაშაძე ფიქრობს, რომ შეხვედრები შედეგის მომტანი არ იქნება. 

"არ მომისმენია ისეთი წინადადება, რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა მიახლოებული პროპორციულ სისტემასთან. არ ველოდები მე-5 რაუნდს. დაარეგისტრირონ საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტში და მერე ჩვენ ვიტყვით ჩვენსას. „ქართული ოცნება“ მოვაქციეთ ჩიხში, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ. ყველამ ნახა, რომ მატყუარები არიან“, - განაცხადა ვაშაძემ. 

საკითხს ასევე მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების შემოთავაზება არის კომპრომისული.

"თანახმა ვართ, რომ არათუ 30, არამედ 40% ან ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას ვერ შეეძლოს უმრავლესობის დაკომპლექტება და შესაბამისი რეგულაციების კანონმდებლობაში გაწერა. როდესაც ვამბობთ 50, თანახმა ვართ ვისაუბროთ 40 მაჟორიტარულ ოლქზეც, ეს გულისხმობს იმას, რომ მეტნაკლებად შესაძლებელია გონივრულ ფარგლებში საქართველოს ტერიტორიის მაჟორიტარულ ოლქებზე დაყოფა“, - აღნიშნა კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალური შეხვედრა შედგა. შეხვედრა გერმანიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. მრავალსათიანის მოლაპარაკებების შემდეგ, მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ გარკვეული ინიციატივები წარადგინეს, რომლებზეც შემდეგ შეხვედრაზე ისაუბრებენ. რაც შეეხება ოპოზიციას, პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება გარკვეულ კომპრომისზე წავიდა, თუმცა ისინი "ქართული ოცნების" ინიციატივას არ იზიარებენ. 

 

 


close დახურვა