შეერთებული შტატების ჯანდაცვის სამსახურების ხელმძღვანელები დღეს სენატორებისგან ისმენდნენ უკმაყოფილებას კორონავირუსის ტესტირების შენებულ პროცესთან დაკავშირებით, რის გამოც გაჩნდა შიში, რომ შესაძლოა საზოგადოებაში უფრო მეტი ინფიცირებული იყოს. განსაკუთრებით უკმაყოფილო სენატის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო ვაშინგტონის შტატიდან, სადაც კორონავირუსით არაერთი პაციენტი გარდაიცვალა.
„ჩემს მშობლიურ შტატში სულ მცირე 6 ადამიანი ვირუსით უკვე გარდაიცვალა და მითხრეს, რომ კიდევ მეტს უნდა ველოდოთ. ვვარაუდობთ ინფექციის რაოდენობის გაზრდას ჩემს შტატში და დარწმუნებული ვარ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხალხი ნამდვილად შეშინებულია. მე ვუსმენ ადამიანებს, რომლებიც ავად არიან, სურთ ტესტის ჩატარება და არ ეუბნებიან, სად უნდა წავიდნენ. ასევე ვისმენ ადამიანებისგან, რომლებმაც ტესტი ჩაიტარეს, თუმცა ასეთი ცოტაა და ტესტის პასუხებმა ძალიან დააგვიანა. ადმინისტრაციას მოსამზადებლად ერთი თვე ჰქონდა. მიუღებელია, რომ ადამიანები ჩემს შტატში და ქვეყანაში პასუხსაც კი ვერ იღებენ, დაინფიცირებულები არიან თუ არა", - განაცხადა ფეთი მიურეიმ.
უკანასკნელი მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაავადებული 9 პაციენტი გარდაიცვალა. ვაშინგტონის შტატში - სიეტლსა და კინგის საგრაფოში დღეს ჯანდაცვის სამსახურებმა კიდევ 7 ახალი ინფიცირებული გამოავლინეს. საკვების და წამლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, რომელიც დღეს სენატში ერთ-ერთი მომხსენებელი იყო, უთხრა კანონმდებლებს, რომ კვირის ბოლომდე ლაბორატორიები მილიონი ახალი ტესტის ჩატარებას შეძლებენ.
„კვირის ბოლომდე ლაბორატორიებისთვის ტესტების ჩასატარებლად მილიონამდე ტესტის კომპლექტი უნდა გვქონდეს. კომპანიებს, რომლებთანაც ვმუშაობთ, აქვთ საკმარისი ტესტების დამზადების საშუალება და ეს დინამიური პროცესია. ყოველდღიურად ვისმენთ დამატებითი მწარმოებლებისგან, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ", - განაცხადა სტივენ ჰანმა.
სენატორთა ნაწილი დაინტერესდა, რის საფუძველზე გასცემს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის კომისარიატი დაპირებას, რომ კვირის ბოლომდე ქვეყანაში ხსენებული რაოდენობის ტესტის კომპლექტი იქნება. კონექტიკურის შტატის სენატორმა კომისარიატი სითამამეში დაადანაშაულა.
„თქვენი გათვლა, რომ კვირის ბოლომდე მილიონი ტესტი გექნებათ, ოდნავ თამამად ჟღერს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ნიუ-იორკის შტატში მხოლოდ 3000 ადამიანის ტესტირება მოახდინეს და ამბობდნენ, რომ მათი მიზანი დღეში 1000 ტესტამდე ასვლა იყო. გვითხარით, რატომ ფიქრობთ, რომ ამ კვირის პარასკევამდე მილიონი ტესტი გვექნება?", - ამბობს კრის მერფი, კონექტიკუტის სენატორი.
როგორც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, ქვეყნის 12 შტატში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 60 შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. აქედან 22 მგზავრობასთან არის დაკავშირებული. 11 ადამიანებმა ერთმანეთს გადასდეს, 27 შემთხვევის დაინფიცირების წყაროს კი ამ დრომდე იკვლევენ.
„ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ ამერიკელები ამ საფრთხეს სერიოზულად აღიქვამენ და ვაგრძელებთ ინფორმაციის მოძიებას, თუ როგორ მოემზადონ. უშუალო რისკი ამერიკის საზოგადოებისთვის დაბალია და შეერთებული შტატების მთავრობა ამის შესანარჩუნებლად, რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს. თუმცა რისკი გამოვლინების მიხედვით სხვადასხვაა და ქვეყნის ზოგიერთი მხარე საზოგადოებაში გავრცელებას განიცდის", - განაცხადა ენ შუქათმა.
შეერთებულმა შტატებმა იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან პირდაპირი რეისებით მომავალი მგზავრების შემოწმება დაიწყო. დღეიდან „ემერიქან ეარლაინმა“, როგორც აღნიშნა „მოთხოვნის შემცირების გამო" რეისები შეწყვიტა სეულის მიმართულებით. ნიუ-იორკი - მილანის ფრენები მაისამდე გაუქმებული აქვს ავიაკომპანია „დელტას“.
მსოფლიოში ამ დროისთვის კორონავირუსით 3112 ადამიანია გარდაცვლილი და უმეტესობა ჩინეთზე მოდის. 75 ქვეყანაში ინფიცირების 90000-ზე მეტი შემთხვევაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გლობალური მასშტაბით რისკის შეფასება ისევ "ძალიან მაღალია.