4-თვიანი პოლიტიკური კრიზისისა და მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმება მმართველ გუნდსა და ერთიან ოპოზიციას შორის შედგა. ურთიერთგაგებისა და მართლმსაჯულების მემორანდუმებს ხელი მხარეებმა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით, 120/30-ზე თანაფარდობით ჩატარდება. ეს ნიშნავს, რომ 120 დეპუტატი პარლამენტში პროპორციული წესით მოხვდება, 30-კი მაჟორიტარულით. პარტიებისთვის დაწესდა ბუნებრივი 1%-იანი ბარიერი და კონსტიტუციაში გაჩნდება დამატებითი დათქმა, რომ თუკი გამარჯვებულ პარტიას 40.6%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, ის მთავრობას ვერ დაააკომპლექტებს.
შეთანხმების მეორე ნაწილი იმ პოლიტიკოსებს ეხებათ, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან ან მათ წინააღმდეგ საქმეების გამოძიება მიმდინარეობს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დახურულ კარს მიღმა ყველა საქმე ცალ-ცალკე განიხილეს და შეთანხმება შედგა, რომ უახლოეს მომავალში საპატიმროდან უნდა გამოვიდეს გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, ბესიკ თამლიანი და გიორგი რურუა. ასევე სასამათლო განხილვები უნდა შეწყდეს „თიბისი ბანკის“ საქმეზე, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას საქმეებზე.
უმრავლესობაში კონკრეტულ საქმეებზე არ საუბრობენ. ირაკლი კობახიძის თქმით, უგულავასა და სხვა პირებთან დაკავშირებით პროცესები პროცედურების დაცვით წარიმართება.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, მოლაპარაკებების ინიციატორი დიპლომატები სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ. ფასილიტატორები ამბობენ, რომ პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა და მართლმსაჯულების შესახებ გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის. ელჩები მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
9 მარტიდან პოლიტიკური პროცესები ისევ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 14 ნოემბრიდან დაიწყო, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ მისივე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი ჩააგდო და არ შეასრულა დაპირება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ. ოპოზიციამ პარლამენტი დატოვა და საპროტესტო აქცებზე გადაინაცვლა.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის საელჩოების, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წარმოამდგენლობის ინიცირებით 4 ოფიციალური და რამდენიმე არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.