logo
ENG



ხარშილაძე: თუ მმართველმა გუნდმა დაპირება არ შეასრულა, ივანიშვილის მიმართ ფინანსურ სანქციებზეც იქნება საუბარი

10 მარ 202010:19
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის მსგავსად, ხელისუფლების მხრიდან მემორანდუმის პირობების შესრულებას მოელიან სამოქალაქო სექტორშიც. არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პირობის არშესრულება ხელისუფლებას ამჯერად კიდევ უფრო ძვირად დაუჯდება. რეპუტაციული ზიანის გარდა, ისინი არც ფინანსური სანქციების დაწესებას გამორიცხავენ. 

პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, თუ ხელისუფლება დაპირებასა არ შეასრულებს, ეს მის რეპუტაციას საბოლოოდ შელახავს.

„როდესაც ხელისუფლება ერთხელ დადებს პირობას და არ შეასრულებს, როდესაც მეორედ დადებს ხანგძლივი მოლაპარაკების შედეგად და არ შეასრულებს, ეს მისი რეპუტაციის საბოლოო შელახვა იქნება. ამ შემთხვევაში თან ხელისუფლება შეთანხმებს დებს არამხოლოდ ოპოზიციასთან, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობოსთან და იმ პარტნიორ ქვეყნებთან, რომელთანაც დამოკიდებულია ჩვენი სამომავლო პერსპექტივები“, - განაცხადა ნოდიამ.

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის ნდობა არ შეიძლება.

„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ორჯერ შეიცვალა პოზიცია და ცხადია, არ შეიძლება მათ მიმართ ნდობა იყოს. თუმცა, ვიმედოვნებ, ამ შეთახნმების საკითხები შესრულდება. თუ კი ეს ყველაფერი არ მოხდება, ეს პირველ რიგში, „ქართული ოცნებისთვის“ იქნება პრობლემატური“, - განაცხადა გიგაურმა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე კი აცხადებს, რომ შეთანხმების დარღვევა პრობლემური იქნება და ეს პრობლემები პირველ რიგში, მმართველ გუნდს შეექმნება. 

„მაშინ, როდესაც ამ შეთანხმებაში უშუალოდ ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ძალიან სერიოზული პროცესის შედეგად იქნა ეს შეთანხმება მიღწეული და იცით როგორი რეპუტაციული ზიანი მიადგა „ქართულ ოცნებას“. ვფიქრობ, ძალიან პრობლემური იქნება ამ შეთანხმების დარღვევა“, - განაცხადა ბენიძემ.

„საქართველოს სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი ნოდარ ხარშილაძე კი დაპირების არშესრულების შემთხვევაში ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაეკისრება.

„თუ რაიმე რაციონალური დარჩება ხელისუფლებას, აუცილებლად შეასრულებს. თუ გაგიჟდა ხელისუფლება და ამის დარღვევაც დაიწყო უფრო გარედან იქნება ზეწოლა. იქნება ბიძინა ივანიშვილის მიმართ ფინანსურ სანქციებზე საუბარი და ამას უფრო აქვს მისთვის, ვიდრე ოპოზიციის აქციებს“, - აცხადებს ხარშილაძე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარი იქნება. 

გარდა ამისა, არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება და იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული პარტია მთავრობას იმ შემთხვევაში დააკომპლექტებს თუ ხმების 40%-ზე მეტს დააგროვებს.


close დახურვა