logo
ENG



ფრიდომ ჰაუსის ევრაზიის პროგრამების დირექტორი: საქართველოსთვის ქულის დაკლების მიზეზი აქციის დარბევა გახდა

13 მარ 202012:34
3 წუთის საკითხავი
 

„ფრიდომ ჰაუსის“ ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა მარკ ბერენდთიმ „ფორმულასთან“ საუბრის დროს იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ამ ორგანიზაციის 2020 წლის ანგარიშში საქართველოს თავისუფლების ხარისხი გაუარესდა. ქულების დაკლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გავრილოვის ღამის მოვლენებია, როდესაც აქცია გადამეტებული ძალის გამოყენებით დაშალეს. საქართველოს დემოკრატიის ხარისხზე გავლენას ახდენს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და არაფორმალური მმართველობა. 

„ფრიდომ ჰაუსის“ 2020 წლის ანგარიშში, მსოფლიოში თავისუფლების შესახებ, საქართველომ 2  ქულა დაკარგა. ქვეყნის თავისუფლების ხარისხის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ივნისში, პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო დემონსტრაციის გადამეტებული ძალით დარბევა გახდა. რეზინის ტყვიების გამოყენებამ და მოქალაქეების მძიმედ დაშავებამ, პირდაპირ იმოქმედა საქართველოს თავისუფლების რეიტინგის გაუარესებაზე.     

„ეს წელს საქართველოს ქულის დაკლების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. სახელმწიფოს შესასრულებლად 2 ფუნქცია აქვს. პირველი - მან წესრიგი უნდა შეინარჩუნოს. ოპოზიციის შეტევა პარლამენტზე, უდავოდ ძალიან პრობლემურია, რადგან ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა შეძლოს ინსტიტუტების ფუნქციონირების შენარჩუნება. თუმცა, ამავე დროს, სახელმწიფოს არ აქვს იმის უფლება, გამოიყენოს ყველანაირი საჭირო ძალა.

"ჩვენ ივნისში ვნახეთ რეზინის ტყვიების გამოყენება და ბავშვების დაშავება, რომლებიც დემონსტრაციაზე იყვნენ. ეს რეალურ პრობლემას ქმნის. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ანგარიშში საქართველოს თავისუფლების ხარისხი გაუარესდა, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა იყო. ფრიდომ ჰაუსის შეფასებით, ეს პოლიტიკურად მოტივირებული ჩანდა, რადგან ხაზარაძემ ცოტა ხნით ადრე გამოხატა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი.

"კიდევ ერთი ქულის დაკლება დაკავშირებულია ბატონი ხაზარაძის პოლიტიკური პარტიის დაფუძნების შემდეგ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყებასთან. მე გავიგე, რომ კრიმინალური გამოძიება შეჩერებულია და არსებობს სხვადასხვა არგუმენტი, იყო თუ არა ეს გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს აღიქმება, როგორც პოლიტიკასთან კავშირში მყოფი სამართლიანობა“, - განაცხადა ბერენდთიმ.

საქართველოს თავისუფლების ხარისხზე მოქმედებს არაფორმალური მმართველობა და ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში ბიძინა ივანიშილი არაერთხელ არის ნახსენები. ხაზგასმულია, რომ ის არ ფლობს თანამდებობას, მაგრამ გავლენა აქვს საქართველოს პოლიტიკაზე. 

„არჩეული მოხელეების შესაძლებლობას, განსაზღვრონ და გაატარონ სამთავრობო  პოლიტიკა, არღვევს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური როლი, რომელსაც არ აქვს თანამდებობა, თუმცა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აღმასრულებელ და საკანონმდებლო გადაწყვეტილებებზე. მისი დე-ფაქტო ძალაუფლების დემონსტრირება იყო 2018 წელს, როდესაც პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ეკონომიკურ პოლიტიკაზე ივანიშვილთან უთანხმოების გამო გადადგა. ივანიშვილის გავლენა პოლიტიკაზე ასევე შესამჩნევია, როდესაც მთავრობა კეთილგანწყობილია მისი ფინანსური და ბიზნეს ინტერესების მიმართ. კერძოდ, მრავალმილიარდიან  საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებით, რომელიც 2013 წელს გამოჩნდა და ჩართულია თბილისის უძრავი ქონების განვითარების დიდ პროექტებში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში, ისევე როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ მოხსენებაში, საქართველოში სამთავრობო კორუფცია პრობლემად არის დასახელებული. შეფასებაში ნათქვამია, რომ ეფექტური ანტიკორუფციული კანონების მიღებას, სამართალდამცველი და სასამართლო სტრუქტურების დამოუკიდებლობის არქონა უშლის ხელს. 


close დახურვა