გადაუვადდება თუ არა სასჯელი დეკანოზ გიორგი მამალაძეს - ამ საკითხზე დღეს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმსჯელებენ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგება.
დეკანოზის უფლებადამცველი, ანა ჩუთლაშვილი იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. დეკანოზის სასჯელის გადავადების მომხრეა საქართველოს საპატრიარქო.
„ყველა ის მტკიცებულება, რომელიც სასამართლო პროცესზე წარდგენილი გვაქვს შესაძლებლობას იძლევა, რომ ნამდვილად შესაბამისი ნორმების დაცვით მოხდეს დეკანოზისთვის განაჩენის აღსრულების გადავადება. იმედი გვაქვს, სასამართლო ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს. დადებითია, რომ საპატრიაქომ გამოხატა სურვილი, რომ დეკანოზი დროებით“, - აცხადებს უფლებადამცველი.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების რეკომენდაციით პრეზიდენტს საქართველოს საპატრიარქომ მიმართა. თუმცა, პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა.
ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრაწლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიესაჯა. ოჯახის წევრების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მისი საკითხი სინოდმა მხოლოდ სამი წლის შემდეგ განიხილა და პრეზიდენტს შეწყალების შუამდგომლობით მიმართა.
8 იანვარს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიასთან გამართული აუდიენციის შემდეგ დეკანოზმა შიმშილობა შეწყვიტა. ლომჯარიას თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია.
ამავდროულად, დეკანოზის ოჯახი რამდენიმე თვეა აპროტესტებს გიორგი მამალაძის პატიომრობას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დეკანოზის დროებით გათავისუფლებას მოითხოვს. გარდა ამისა, უმძიმესი ბრალდებების მამხილებელი დოკუმენტაციის გასაჯაროებას გეგმავს დაკავებული დეკანოზის ძმა.