logo
ENG



23 აგვისტო ნაციზმის და სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა

23 აგვ 202115:14
3 წუთის საკითხავი
 
23 აგვისტო ნაციზმის და სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა

ეს დღე საქართველოში 2010 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ, რაც იმავე წელს ევროპარლამენტმა ეს დღე ევროპაში ნაციზმის და სტალინიზმის მსხვერპლთა დღედ დააწესა. 

1939 წლის 23 აგვისტოს ხელი მოეწერა ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, რითაც საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ აღმოსავლეთ ევროპა „გავლენის სფეროებად” გაინაწილეს და მოკავშირეთა სტატუსით მეორე მსოფლიო ომი გააჩაღეს. 

აღმოსავლეთ ევროპის ფაქტობრივი გაყოფა 1939 წლის 23 აგვისტოს გერმანიის საგარეო მინისტრმა, იოაჰიმ რიბენტროპმა და სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა, ვიაჩესლავ მოლოტოვმა გააფორმეს, რის გამოც „საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულება” ცნობილია სწორედ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელით. 

ხელმოწერილი დოკუმენტის საიდუმლო ოქმში, რომლის არსებობასაც მოსკოვი 1991 წლამდე ჯიუტად უარყოფდა, დადგინდა საზღვარი გერმანიის და სსრკ-ის „გავლენის სფეროებს” შორის. 

პაქტით ლიეტუვა და დასავლეთი პოლონეთი გერმანიის გავლენის სფეროში მოექცა, ხოლო ხოლო ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, აღმოსავლეთი პოლონეთი და ბესარაბია სსრკ-ის გავლენის სფეროში. 

1939 წლის პირველ სექტემბერს გერმანიის საბრძოლო ხომალდმა SMS Schleswig-Holstein-მა ცეცხლი გაუხსნა ქალაქ გდანსკთან, ვესტერპლატეს ნახევარკუნძულზე მყოფ პოლონელ ჯარისკაცებს. ეს თავდასხმა ითვლება მეორე მსოფლიო ომის დასაწყისად. 

ნაცისტური გერმანიის შეჭრიდან 2 კვირის შემდეგ აღმოსავლეთ პოლონეთში საბჭოთა კავშირი შევიდა და მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო პუნქტებით გადანაწილებული ტერიტორია დაიკავა.

მეორე მსოფლიო ომში 70 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 მილიონამდე პოლონელი. ჰოლოკოსტს მხოლოდ პოლონეთში 3 მილიონი ებრაელი ემსხვერპლა. 

პაქტის ხელმოწერიდან 50 წლის თავზე, 1989 წლის 23 აგვისტოს შეიკრა ყველაზე დიდი ცოცხალი ჯაჭვი - ბალტიის მშვიდობიანი გზა. 

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოსახლეობამ 600 კმ-ის სიგრძის ცოცხალი ჯაჭვი შექმნა, რომელშიც 2 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა. 

დემონსტრაციიდან 6 თვის შემდეგ ლიეტუვამ სსრკ-დან გასვლის შესახებ პირველმა გამოაცხადა.


close დახურვა