logo
ENG



23 სექტემბერს ბავშვთა კოდექსის შესახებ 4 ტელევიზიის საკონსტიტუციო სარჩელს განიხილავენ

22 სექ 202115:03
3 წუთის საკითხავი
 
23 სექტემბერს ბავშვთა კოდექსის შესახებ 4 ტელევიზიის საკონსტიტუციო სარჩელს განიხილავენ

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, ხვალ, 23 სექტემბერს, 12 საათზე არსებითად განიხილავენ 4 ტელევიზიის (შპს მთავარი არხი, შპს ტელეკომპანია პირველი, შპს ტელეკომპანია კავკასია და შპს ფორმულა) სარჩელს.

საქმე ეხება ბავშვთა კოდექსისა და მაუწყებლობის შესახებ კანონში ასახულ გარკვეულ ნორმებს. სადავო ნორმები განსაზღვრავს სხვადასხვა ასაკის არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამის კატეგორიებს.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე შინაარსობრივ რეგულირებას ექვემდებარება მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებით დაცული ისეთი კონტენტი, რომლის შეზღუდვასაც ბავშვთა უფლებების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის.

მოსარჩელე, ასევე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნებს, რაც "მსუსხავი ეფექტის" მატარებელია მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაზე და შეიცავს ცენზურის მაკორექტირებელ ეფექტს.

მოსარჩელე მხარე, ასევე პრობლემურად მიიჩნევს კომისიის მხრიდან სანქციის ბოროტად გამოყენების საფრთხეს.

კონსტიტუციურ სარჩელში დამატებით აღნიშნულია, რომ ბუნდოვანი ტერმინების გამოყენებით კანონმდებელმა კომისიაზე მოახდინა გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების უფლებამოსილების დელეგირება, რაც კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებთან მოდის წინააღმდეგობაში.

23 სექტემბერს დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (ყოუტუბე) არხზე.


close დახურვა